ეკონომიკა

ლიკანში RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი 2014 წლის ბოლოს გაიხსნება

8 აპრილი, 2014 •
ლიკანში RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი 2014 წლის ბოლოს გაიხსნება

„ვგეგმავთ, რომ სასტუმრო კომპლექსი წლის ბოლოს გაიხსნება და ტურისტებს შესთავაზებს დასვენებისთვის აუცილებელ ყველა პირობას და დამატებით შარმს შესძენს ბორჯომის რეგიონს,“ აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.


152 ნომრიანი RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში (ბორჯომი) ყოფილი IV სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსდება და აღჭურვილი იქნება დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.


კომპლექსში ასევე შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5 მლნ. აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია. სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი RIXOS განახორციელებს.


2000 წელს თურქეთში დაფუძნებული სასტუმროების ქსელი RIXOS-ი დღეისათვის უკვე 20-ზე მეტ სასტუმროს მართავს, როგორც თურქეთში, ასევე, ყაზახეთში, ხორვატიაში, ეგვიპტეში, შვეიცარიაში, აზერბაიჯანსა და დუბაიში.

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.



მასალების გადაბეჭდვის წესი