მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. “გუდვილი” “თიბისი” ბანკს აქტივების დაბალ ფასში დასაკუთრებაში ადანაშაულებს.
კომპანია “გუდვილის” ადვოკატი ლაშა ნოდია იმედოვნებს, რომ კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში უმტკივნეულოდ გადავა:
“გუდვილის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება წარმოებაში მიღებული იქნა 2012 წლის 24 სექტემბერს. კომპანიაზე დაიწყო გადახდის უუნარობის პროცესი. რაც იმას ნიშნავს, რომ შეჩერდა აღსრულება და ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შეიცვალა კომპანიის მენეჯმენტი. დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, დირექტორად დაინიშნა პირი, როემლსაც აქვს კრიზისის დროს კომპანიის მართვის უნარი. მეოთხე კვარტალი კომპანიამ სოლიდური მოგებით დაასრულა. მომრიგებელმა საბჭომ, რომელიც სამი წევრით იქნა არჩეული კრედიტორთა კრების მიერ, დაადგინა, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს რეაბილიტაცია და გეგმის მიხედვით ყველა ვალდებულების შესრულება. მომრიგებელმა საბჭომ წარადგინა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. სასამართლომ ამაზე უნდა იმსჯელოს 30 იანვარს და განჩინებით უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში კრედიტორებმა უნდა აირჩიონ რეაბილიტაციის მმართველი და განუსაზღვრონ მას უფლებამოსილებათა წრე.”
ადვოკატის ინფორმაციით, 30 იანვარს არის ასევე ჩანიშნული სასმართლოს მოსამზადებელი სხდომა, სადაც “გუდვილის” მიერ “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უნდა განიხილონ.
კომპანია “გუდვილის” ადვოკატი ლაშა ნოდია ამბობს, რომ “თიბისი” ბანკმა “მარშეს” ქონება ვალში უფრო დაბალ ფასად წაიღო და სარჩელიც სწორედ ამ საკითხს ეხება:
“გადახდისუუნარო კომპანია ბევრი მიზეზის გამო გახდა. 2013 წლის აპრილიდან “გუდვილს” და “მარშეს” მართავდნენ “თიბისი” ბანკის მიერ დანიშნული დირექტორები. მათი ხელძღვანელობის პერიოდში “თიბისი” ბანკმა გირავნობის და იპოთეკის საგნები მიიღო საკუთრებაში ვალის ნაწილის სანაცვლოდ. ერთი მხრივ, ეს იყო ბანკის უფლება, რადგან იპოთეკაში და გირაოში იყო ეს ქონება ჩადებული. მაგრამ მოხდა ორი პრინციპის დარღვევა, რადგან კომპანიები იყვნენ გადახდისუუნარო, ამის თაობაზე ბანკმა იცოდა. მას არ უნდა დაესაკუთრებინა ეს ქონებები, არამედ მაშინვე უნდა წასულიყვნენ გადახდის უუნარობის გზით. ამ ქონებების ღირებულება აუდიტის დასკვნების მიხედვით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უფრო მაღალი იყო. ამ ფასებთან შედარებით რამდენიმე მილიონით იაფად არის ეს ქონება ბანკის მიერ დასაკუთრებული. თუ ჩვენ დავეყრდნობით აუდიტის დასკვნას, მარტო “მარშესთან” დაკავშირებით კომპანიის ქონება 40 მილიონით იაფად აქვს ბანკს დასაკუთრებული. ამ საკითხზე „გუდვილმა“, როგორც “მარშეს” ერთ–ერთმა კრედიტორმა, მიმართა სასამართლოს და 30 იანვარს არის დანიშნული მოსამზადებელი სხდომა.”
“თიბისი” ბანკში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავეს:
“რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურა უკვე შერჩეულია კრედიტორთა საბჭოს მიერ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თიბისი ბანკმა თავი შეიკავა რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან და დაეთანხმა დანარჩენი კრედიტორებისგან წამოყენებულ კანდიდატურას. ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია „გუდვილის“ დანარჩენ კრედიტორებს. თუმცა „გუდვილი“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სრული სიყალბე და ცილისწამებაა „გუდვილის“ განცხადება, თითქოსდა რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნება პირი, რომელიც „თიბისი ბანკის ინტერესებს გაატარებს, კომპანიის საბოლოო გაკოტრების მიზნით“ – აცხადებენ “თი ბი სი” ბანკში.
“გუდვილის” ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანიის გაკოტრება “თიბისი” ბანკის თვითმიზანინარ არის, თუმცა კომპანიის მფლობელის 49%–იანი წილის დაყადაღებით გოგი შევარდნაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა:
“2012 წლის დეკემბერში ბანკმა სარჩელი შეიტანა გოგი შევარდნაძის წინააღმდეგ, როგორც “გუდვილის” სესხებზე თავდები პირის წინააღმდეგ, და მოითხოვა ყადაღის დადება მის კუთვნილ წილზე, რომელიც არის 49% “გუდვილში”. გიორგი შევარდნაძეს 100 პროცენტი ეკუთვნის “გუდვილში”, მაგრამ 51 პროცენტზე ბანკს ჰქონდა გირავნობა, ხოლო 49 %–ზე ყადაღის დადებამდე ბანკმა გიორგი შევარდნაძესთან შეთანხმებით მოხსნა გირავნობა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ, თავდებობიდან გამომდინარე, ისევ დააყადაღა ეს წილი სასამართლოს გზით.”
ადვოკატის განმარტებით, გოგი შევარდნაძეს იმ შემთხვევაში დაეკისრება ვალის გადახდა, თუ რეაბილიტაცია ვერ შედგება და გაკოტრდება “გუდვილი”:
“თუ რეაბილიტაცია შედგა, ამ ვალს ისტუმრებს “გუდვილი” და, შესაბამისად, წილის დაყადაღება მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმია. ეს იყო “თიბისი” ბანკის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოწინააღმდეგე მხარეზე.”
“თიბისი” ბანკში აცხადებენ, რომ გოგი შევარდნაძის წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება:
“რაც შეეხება „გუდვილის“ დამფუძნებლის, გოგი შევარდნაძის წილის დაყადაღებას ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, აქაც ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება: თიბისი ბანკის, როგორც „გუდვილის“ ძირითადი კრედიტორის ინტერესი არ არის ამ აქტივის „დასაკუთრება“. ბანკის ერთადერთი ინტერესია გაცემული სესხის ამოღება, რის ერთ-ერთ კანონიერ საშუალებას წარმოადგენს როგორც სესხის უზრუნველყოფაში დაგირავებული, ისე თავდების აქტივების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. შესაბამისად, მოხდება ხსენებული აქტივის გაყიდვა აუქციონის წესით, რის შედეგადაც შემცირდება კომპანიის დავალიანება, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება კომპანიას დაძლიოს ურთულესი კრიზისი და განაგრძოს ფუნქციონირება.”
”გუდვილს” ამ დროისათვის კრედიტორების მიმართ 40 მილიონამდე ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 15.5 მილიონი ლარი ჰიპერმარკეტების ქსელს ”თიბისი ბანკის” მართებს. მათ შორის, 13.5 მილიონი ლარი „მარშეს“ სესხია, ხოლო 2 მილიონი ლარი კი, ”გუდვილის” მფლობელის ქონების გადაფორმებიდან დატოვებული კრედიტი.