ეკონომიკა

2013 წლის 8 თვეში აუქციონზე 466 საცხოვრებელი ფართი გაიყიდა

24 იანვარი, 2014 • • 1219
2013 წლის 8 თვეში აუქციონზე 466 საცხოვრებელი ფართი გაიყიდა

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების 10% პრობლემურია. მოვალეთა რეესტრში ბოლო მონაცემებით 107 805 ფიზიკური და იურიდიული პირია დარეგისტრირებული. მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სადაც 124 ქვეყნის პრობლემურ სესხებზეა ინფორმაცია, საქართველო 52–ე ადგილზეა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შეფასებით საშუალო მაჩვენებელია.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2004 წლის ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორის სახელმძღვანელოს მიხედვით, სესხი პრობლემურად ითვლება, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ან ძირითადი თანხის გადახდა 90 დღით ან მეტი ხნით გვიანდება. სესხი პრობლემურია მაშინაც, თუ გადაცდენა 90 დღეზე ნაკლებია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მევალე ვერ შეძლებს ვალის გასტუმრებას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მევალეს შეტანილი აქვს განაცხადი გაკოტრებაზე”. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტივით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან თითოეულ სესხს  5 –დან ერთ–ერთი კატეგორია მიანიჭონ. 2012 წლის ბოლოს ბანკების მიერ სესხების გადანაწილების სტატისტიკა ასეთია: სტანდარტული სესხი –391 მლნ ლარი– მისი წილი საბანკო სექტორის პორტფელში 4%–ია. საეჭვო სესხების მოცულობა 235 მლნ ლარი–ასეთი სესხების რაოდენობა პორტფელში 3%–ია , უიმედო სესხების მოცულობა 182 მლნ ლარია და მისი მოცულობა პორტფელში 2%–ია.

 

პრობლემური სესხების წილი საბანკო სექტორის პორტფელში ყველაზე მაღალი 11% – 2001 წელს იყო, ყველაზე დაბალი 2007 წელს–0,8%, ხოლო 2012 წელს ამ მაჩვნებელმა 4,1 პროცენტი შეადგინა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, პრობლემური სესხების წილი მთლიან პორტფელში არ არის სახიფათოდ მაღალი:”ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მათი დაფარვის წილი, ანუ სესხის რა ნაწილია უკვე დაფარული წინასწარ გამოყოფილი სარეზერვო თანხებით. რაც უფრო მაღალია დაფარვის წილი, უფრო უკეთეს მდგომარეობაშია ფიანანსური ინსტიტუტი”– აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შეფასებით, პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდა საქართველოში 2008 წლის ომისა და მსოფლიო კრიზისის შემდეგ დაიწყო. პრობლემური სესხის ყველაზე მძიმე ფორმაა, როდესაც ადამინები კარგავენ უძრავ ქონებას. საქართველოში სესხების უძრავი ქონებით უზრუნველყოფის პრაქტიკა ბოლო 6–7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

 

აღსრულების გზით უძრავ ქონებაზე საკუთრების დარეგისტრირების დინამიკა 2007 წლიდან იზრდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2007 წელს აღსრულების გზით 136 ობიექტი დაკანონდა. დინამიკა 2011 წლიდან იზრდება. ამ წელს აღსრულების გზით 1375 ობიექტი დაკანონდა, 2012 წელს- 1503 ობიექტი, ხოლო 2013 წლის 8 თვეში -1052 ობიექტი.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკით, 2011 წელს აუქციონის გზით გაიყიდა 109 არასაცხოვრებელი ფართი, 1052 მიწის ნაკვეთი და 689 საცხოვრებელი ფართი. 2012 წელს აუქციონზე გაყიდული ობიექტების დინამიკა იზრდება. გაიყიდა 165 არასაცხოვრებელი ფართი, 1033 მიწის ნაკვეთი და 755 საცხოვრებელი ფართი. 2013 წლის 8 თვეში აუქციონზე გაიყიდა 79 არასაცხოვრებელი ფართი, 592 მიწის ნაკვეთი და 466 საცხოვრებელი ფართი.

 

კვლევის თანახმად, უძრავი ქონების უზრუნველყოფით აღებული სესხი 40%–მა ოჯახის წევრის ციხიდან გამოყვანის მიზნით, თავდების გადახდის გამო აიღო. 30%–მა,  ჯანდაცვის პრობლემების გამო, 20%–მა, ბიზნესის გასავითარებლად, ხოლო 10%–მა, ოჯახის წევრის საზღვარგარეთ გასაშვებად.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შეფასებით სიტუაციის გამოსწორება საკრედიტო ჯაჭვის სამივე რგოლზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო მევახშეებზეა დამოკიდებული:”მოქმედი საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე არსებული მოთხოვნა–მიწოდების შედეგია. პირდაპირი ჩარევა და განაკვეთის კორექტირება შედეგს ვერ მოიტანს”.      

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის რეკომენდაციით, სასურველია ხელისუფლებამ განიხილოს პრობლემური აქტივების მართვის კომპანიის შექმნის შესაძლებლობა:”აქტივების მართვის კომპანია დამოუკიდებელი უწყებაა და ცუდი სესხების მართვისა და მოშორებისათვის იქმნება. ბანკებისაგან დამოუკიდებლობა აქ აუცილებელი პირობაა, რათა გამორიცხული იყოს ბუნებრივი ინტერესთა კონფლიქტი.”    

   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი