ეკონომიკა

ვინ ზარალდება და სარგებლობს ლარის გაუფასურებით

20 იანვარი, 2014 •
ვინ ზარალდება და სარგებლობს ლარის გაუფასურებით

ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის 8 ნოემბრიდან ეცემა. 2014 წლის 1 იანვარს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,7366 ნიშნულზე იყო. 2014 წლის 20 იანვრის მონაცემებით კი, ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.7736 ლარი შეადგინა. 20 დღეში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 3 ლარით და 70 თეთრით გაუფასურდა.

„მიმდინარე პროცესში ის მოქალაქეები ზარალდებიან, რომლებსაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულებები დოლარში აქვთ წარმოქმნილი. ისევე, როგორც ზარალდებიან მეანაბრეები, რომლებსაც ანაბარი ეროვნულ ვალუტაში აქვთ გახსნილი. გაუფასურებული ლარით სულ უფრო ცოტა პროდუქციის ყიდვა არის შესაძლებელი,” – ამბობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა.


სამომხმარებლო ბაზარზე 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ჰიგიენური საშუალებები გაძვირდა. 


ნათია გიორგაძე, რომელსაც თბილისის გარეუბანში სურსათის მაღაზია აქვს, ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს დისტრიბუტორებმა რძის პროდუქტები 10–20 თეთრით გაძვირებული მიუტანეს:


“როცა მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, დოლარი გაძვირდაო. თუ სანტინოს 100-გრამიანი იოგურტის ფასი 90 თეთრიდან 1 ლარამდე იცვლებოდა, დღეს 1,20 ლარად ვყიდი. ბაზარში გაძვირდა ლობიო, კარტოფილი და ხახვი. ხახვი თურქეთიდან შემოდის, ლობიო -ყაზახეთიდან. საკოლმეურნეო ბაზარში საბითუმო საწყობების მფლობელები ამბობენ, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ფასი კიდევ აიწევს.”


“ნეტგაზეთი” რძის პროდუქტების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს დაუკავშირდა, თუმცა მათ პროდუქციის გაძვირების მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.

 

“ზოგიერთმა რეალიზატორმა რომ გაზარდა ფასი, ეს უკავშირდება არა იმდენად ლარის ვარდნას დოლართან მიმართებში, არამედ გარკვეულწილად – “უსაფრთხოების ბალიშის” წარმოქმნის აუცილებლობას. ზოგიერთი მწარმოებელი ან რეალიზატორი, რომელიც დამოკიდებულია იმპორტულ საქონელზე, ფასებს ზრდის შედარებით წინსწრებით, იმის გათვალისწინებით, ვაითუ მოხდეს ლარის დაცემა და ამით მოახდინოს პრევენცია, რომ დაიცვას თავი. მე ამას დავარქმევდი „უსაფრთხოების ბალიშს“. ასეთ პირობებში საბანკო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ თავინთი დამოკიდებულებით სიცხადე შეიტანონ ამ პროცესში,” –ამბობს ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე. 

 

არჩვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდა ბაზრის ფასები ძალიან დაუახლოვდა მსოფლიო ბაზრის ფასებს:


“ფასები თითქმის გაორმაგდა. 31 პროცენტი იყო 2003 წელს, ახლა გვაქვს 2013 წლის ბოლოს მდგომარეობით 60 პროცენტი. ჩვენ უფრო მაღალი დონე გვაქვს მსოფლიო ფასებთან, ვიდრე ეკონომიკის მოთხოვნა და საშუალება გვაქვს. ჩვენ თუ გვინდა წარმოების გაფართოება, იმპორტის ჩანაცვლება სამამულო პროდუქციით, სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ლარის დევალვაცია ამ მხრივ ერთ–ერთი გზაა.”


ლია ელიავას შეფასებით,  ლარის კურსის ცვლილება კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი ვალუტის კონვერტირებისაგან:


“ვალუტით მოვაჭრეთათვის ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა, მიიღონ მოგება რისკის აღების ფასად. კურსის რყევით ძირითადად ისინი სარგებლობენ, ვისაც დიდი ფულის კონვერტაცია შეუძლია.“

 

ლარის კურსის რყევით ზარალდება მოსახლეობის ის სეგმენტი, ვისაც ბანკიდან აღებული კრედიტი აშშ დოლარში აქვს.


ნანა ზარდიაშვილმა კომერციულ ბანკში 10 ათასი დოლარი 14 პროცენტში ისესხა:


“თუ სესხის დასაფარად 100 დოლარში 165 ლარს ვიხდიდი, დღეს 178 ლარი უნდა გადავიხადო. რაც იმას ნიშნავს, რომ სესხი გამიძვირდა.”


ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, კომერციული ბანკები არ აპირებენ მომხმერებელთან დოლარში დადებული სასესხო ხელშეკრულებების გადახედვას. 

 

„ლარის კურსის ცვლილება ბუნებრივი პროცესია. იმ მომხმარებელზე, ვისაც სესხი დოლარში აქვს, შეღავათების დაწესებას არ ვაპირებთ. არც სასესხო პირობების გადახედვა მოხდება,“ – ამბობს “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალუტო ბაზარზე მომხდარ რყევას საგანგაშოდ არ აღიქვამენ. „ნეტგაზეთს“ სებ-ში განუცხადეს, რომ ლარის კურსის ასეთი ცვლილებები ეროვნული ბანკის მიერ არჩეული „მცურავი კურსის“ ფარგლებში დასაშვებია.

ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე ვალუტაზე მოთხოვნა–მიწოდების ურთიერთქმედებით. ასეთ რეჟიმს „მცურავი კურსი“ ეწოდება.

 

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 2014 წლის 20 იანვარს 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7701 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინტერვენციის შედეგად ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ, 32 პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე პირველი იანვრიდან დღემდე 140 მილიონი დოლარი გაყიდა.


მთავრობის ეკონომიკური გუნდი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია: 

 

“მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ არანაირი საფუძველი პანიკისა არ არსებობს, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტის რეზერვი. მათ შორის 500 მილიონით შარშან გაიზარდა ეს რეზერვი იმის გამო, რომ დაწოლა იყო ლარზე. ახლა შეიცვალა სიტუაცია, თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან დიდია და ბიზნესაქტივობის ზრდამ გამოიწვია დროებითი დაწოლა დოლარზე და მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე”, – განაცხადა საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი