ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კომპანია “ფუდმარტში” დაუდასტურეს. თუმცა კომპანიაში გარიგების სხვა დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
“ფუდმარტის” პრესსამსახურმა ოთო შამუგიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სიტუაციაში ერკვევა და დამატებით კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.
კომპანია “ფუდმარტი”, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის 11 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი ლატვიის მოქალაქე არმანდ ფომიჩევია, რომელიც “სიფ კავკაზუს გროუზ ფონდ ელ.პი”–ის წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.
“ფუდმარტის” გენერალური დირექტორია დანიის მოქალაქე ეს ბენ ემბორგი. დირექტორი კი, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კასრაძე. “ფუდმარტის” საწესდებო კაპიტალი 140 ლარია. რაც 1 თეთრად ღირებული 14 000 აქციის ექვივალენტია.
კომპანიებს, “იოლს” და “პოპულს” ფინანსური სირთულეები 2013 წლის გაზაფხულზე შეექმნა.
ლიტვის მოქალაქე, სუპერმარკეტ “იოლისა” და “პოპულის” ყოფილი მფლობელი საულიუს ვაიტკევიჩუსი სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 29 მაისს, 05:30 საათზე, მაშინ დააკავეს, როცა კიევის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. ის ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონების მითვისებას დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ითავლისწინებს 7–დან 11 წლამდე პატიმრობას.
პროკურორების ინფორმაციით, საულიუს ვაიტკევიჩუსმა 2010 წლის ნოემბერში მიითვისა კომპანია “კავკასუს ელექტრო მარკეტის” კუთვნილი 2 მილიონი აშშ დოლარი. იმ დროს საულიუს ვაიტკევიჩუსი აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე საულიუს ვაიტკევიჩუსი 2013 წლის 31 მაისს გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.
მოგვიანებით საულიუს ვიატკევიჩუსის ცოლმა, ვაივა ვიატკევიჩენემ ლიტვურ მედიას განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც იცის, არის ის, რომ გამოძიება დაინტერესდა საულიუს ვაიტკევიჩუსის კავშირებით ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც ასევე იყო ტელეკომპანია “პიკის” მფლობელი. პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
2012 წლის ივლისში საინვესტიციო კომპანია East Capital Explorer-მა ,,პოპულის’’ 30.7 პროცენტი 1.7 მლნ. ევროდ გაყიდა. კომპანიის წილი სუპერმარკეტების ქსელმა “იოლმა” იყიდა.
East Capital Explorer-მა 2010 წლის სექტემბერში „პოპულის” აქციებში 3,7 მლნ ევრო გადაიხადა. East Capital Explorer-ის მთლიანმა ინვესტიციამ ქართულ აქტივში 4,1 მლნ ევრო შეადგინა.
“პოპულის” სავაჭრო ქსელი 2001 წელს ბიზნესმენმა ევგენი ფიჩხაიამ დააფუძნა. შემდეგ კი ლატვიურ ჯგუფს გადაუფორმა. “პოპულს” მიმწოდებლების წინაშე რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. სავაჭრო ქსელის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა, კომპანიის აქტივები ყველაზე დიდი კრედიტორის, უცხოური ფონდის – SEAF-ის ხელში გადავიდა. სულ რამდენიმე კვირის წინ მისი ახალი მფლობელი კომპანია “ფუდმარტი” გახდა.
ამ დროისათვის “ფუდმარტი” ქსელის რებრედინგს ახდენს. “იოლის” რამდენიმე მაღაზია ამ დროისათვის დაკეტილია.