ეკონომიკა

მთავრობა “საქართველოს სუვერენულ ფონდს” აფუძნებს

23 დეკემბერი, 2013 •
მთავრობა “საქართველოს სუვერენულ ფონდს” აფუძნებს

“საქართველოს სუვერენულ ფონდს” გადაეცემა “საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი”, “თელასი”.

 
“სააქციო საზოგადოება – საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ” კანონპროექტი, როგორც “ნეტგაზეთს” “საპარტნიორო ფონდში” განუცხადეს, მთავრობამ პარლამენტში შეიტანა.

 

“საქართველოს სუვენერული ფონდის” მთავარი მიზანია მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

 

რაც შეეხება “საპარტნიორო ფონდს” ის “სტრატეგიული განვითარების ფონდად” გარდაიქმნება და “საქართველოს სუვერენული ფონდის” შვილობილი საწარმო გახდება, რომლის დამფუძნებელიც და აქციათა 100%-ის მფლობელი თავად ეს ფონდი იქნება.

 

 

“საქართველოს სუვერენული ფონდი” ასევე დააფუძნებს “სტრატეგიული აქტივების კომპანიას”, სადაც “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” და “თელასის” აქციები და წილები შევა. 

 

“სააქციო საზოგადოება – საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ” კანონპროექტის მიღებისა და ამოქმედების შემდეგ “საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება. 

 

“საქართველოს სუვენერული ფონდის” დაფუძნების შესახებ პირველად განაცხადი ექსპრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 5 თებერვალს განაცხადა.

 

“სუვერენული ფონდი დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში საინვესტიციო პროექტების შემოსვლას,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი