ეროვნული ლარი 2013 წლის 8 ნოემბრიდან უფასურდება. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ 1,6793 ნიშნულზე იყო, 10 დეკემბრის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1,7062-მდე დაეცა. რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გაუფასურება?
ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება უცხოური ვალუტის მოთხოვნისა და მიწოდების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მოთხოვნის მხრიდან ლარის კურსის დაწევა იმპორტის ზრდასთანაა დაკავშირებული, რაც, ერთი მხრივ, ოქტომბრიდან ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებამ განაპირობა, ხოლო მეორე მხრივ – სეზონურმა ფაქტორმა, კერძოდ, ზამთრის სეზონზე გადასვლამ და ვაჭრობის სფეროს წინასაახალწლო მზადებამ.
რაც შეეხება მიწოდების მხარეს, როგორც ჩანს, უცხოური ვალუტის შემოდინების მასშტაბი საკმარისი არ აღმოჩნდა მოთხოვნის ზრდის გასანეიტრალებლად, რაც შესაძლოა საინვესტიციო და სხვა სავალუტო ნაკადების ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული. ამ ნაკადების საკმარისობის პირობებში საკურსო წონასწორობა შიდა სავალუტო ბაზარზე არ დაირღვეოდა.

ეროვნულმა ბანკმა ნოემბერ-დეკემბერში უკვე გაყიდა 140 მლნ. აშშ დოლარი, რითაც ბანკის სავალუტო რეზერვები მცირდება. სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის გარდა რა ბერკეტი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს? როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის ქმედებას?
როცა ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 575 მლნ აშშ დოლარი შეიძინა ბაზარზე და ამით თავიდან აიცილა ლარის არასასურველი (მაკროეკონომიკური თვალსაზრისით) გამყარება. ამჯერად ეროვნულ ბანკს საპირისპირო მიმართულებით უწევს ინტერვენციების განხორციელება, რათა გაცვლითი კურსის ახალი წონასწორული დონე შედარებით უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდეს. ბაზარზე პირდაპირი და სწრაფი ზემოქმედების უფრო ეფექტიანი ბერკეტი ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. ეროვნული ბანკის მიმდინარე ტაქტიკა მთლიანობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს.
შეიცავს თუ არა ინფლაციის საფრთხეს ეს ტენდენცია? ექსპერტების ჯგუფი ამბობს, რომ პროცესი ხელოვნურია და ლარის გაუფასურება იმიტომ დაიწყო, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 1,70 ნიშნულზეა დათვლილი. რეალურად რა პროცესთან გვაქვს საქმე?
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და გაღრმავდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ცხადია, მას აუცილებლად მოჰყვება სამომხმარებლო ფასების ზრდა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურია და იგი ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, სრულიად უსაფუძვლოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის კურსის დაწევა მოქმედებს როგორც ბიუჯეტის შემოსავლებზე, ისე ხარჯებზე, კერძოდ, საგარეო ვალდებულებებზე. ამ ვალდებულებების მოცულობა (საგარეო ვალის ძირითადი თანხის დაფარვა და პროცენტების გადახდა) 2014 წელს მნიშვნელოვნად იზრდება, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ბიუჯეტის ხარჯების უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს, ვიდრე – შემოსავლების.
