ეკონომიკა

„გუდვილის“ მენეჯმენტი ინვესტორს ეძებს

7 ოქტომბერი, 2013 •
„გუდვილის“ მენეჯმენტი ინვესტორს ეძებს

„გუდვილის“  გენერალური დირექტორის მოადგილე ირინა ქოსაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ  ეს არ ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას და საწარმო რეაბილიტაციის რეჟიმშია:

„ეს არის რეაბილიტაციის რეჟიმი. მალე მარკეტინგის სამსახური გაავრცელებს განცხადებას. ეს არ ნიშნავს გაკოტრებას.  ეს არის კომპანიის რეაბილიტაციის პერიოდი. რადგან გვაქვს ინვესტორის მოლოდინი. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მვიღეთ, რომ  ინვესტორის შემოსვლამდე კომპანაის პრობლემები არ შეექმნას.“

 

ირინა ქოსაშვილი განმარტავს, რომ „გუდვილი“ ჩვეულებრივი რეჟიმში მუშაობს: „კომპანია აგრძელებს პროდუქციის შესყიდვას. უბრალოდ, ხდება ძველი დავალიანებების გაყინვა რეაბილიტაციის პერიოდში. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გავავრცელებთ ინფორმაციას, რამ მიიყვანა კომპანია ამ პრობლემებამდე და რა გზები გამოვნახეთ რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსასვლელად.“  

 

„გუდვილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კომპანიას ფინანასური სირთულეები აქვს და დავალიანება დაუგროვდა: „ვალი დაგროვდა მომწოდებლების წინაშე და გვაქვს ვალდებულებები ბანკის მიმათ.  თანხობრივად რამდენია ვალი, ახლა გაიწერება. იმედი გვაქვს, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებიდა ძველი მთავრობის პერიოდში, იყო არამიზნობრივი ხარჯები, სწორედ ამიტომ მომავლის იმედით გადავდივართ რეაბილიტაცციის რეჟიმში.“

გუდვილი
გუდვილი

 

კომპანიის მენეჯმენტი ინვესტიციების მოზიდვას თანაინვესტირების ფონდიდან გეგმავს: „ ჰიპერმარკეტების ბიზნესი მთავრობისთვისაც მიმზიდველი ბიზნესია. ველოდებით, შეიძლება თანაინვესტირების ფონდიდან  მოვიზიდოთ კაპიტალი. შეიძლება ცალკე ინვესტორი ვნახოთ. წყნარად უნდა ელოდოს კომპანია ინვესტორს. დროებით უნდა შევიდეთ რეაბილიტაციის რეჟიმში და ნებისმიერ დროს გამოვალთ, როდესაც ეს ფინანსური საკითხი გადაწყდება.“  

 

2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „გუდვილის”დირექტორმა გიორგი შევარდნაძემ და კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

 

გიორგი შევარდნაძე განცხადებაში განმარტავს, რომ “გუდვილს” კრედიტორებისთვის ვალის გადახდა არ შეუძლია.

სასამართლომ საქმე წარმოებაში 2013 წლის 24 სექტემბერს მიიღო. შპს “გუდვილს” მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაენიშნა.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან “გუდვილს” ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

საქმის წარმოებაში მიღების შემდეგ შეჩერდა შპს “გუდვილის” წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება.

 

სასამართლოს განჩინების გამოტანამდე შეჩერდა აღებული ვალების უზრუნველყოფა, ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

 

“გუდვილის” კრედიტორთა პირველი კრება 2013 წლის 6 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაშია ჩანიშნული.

 

“ნეტგაზეთს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუმარტეს, რომ „გადახდისუუნარობა“ გულისხმობს „მოვალის უუნარობას, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნები;“  ანუ მოვალე „გადახდისუუნარობის წინაშე დგას მაშინ, როდესაც მის ხელთ არსებული ფინანსური  რესურსი არ არის საკმარისი იმ მოთხოვნების (ვალების) დასაფარავად, რომელთა გადახდის ვადაც დამდგარია.

 

არსებობს თუ არა “გუდვილის” გაკოტრების საფრთხე? “ნეტგაზეთს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში უპასუხეს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 207 დღისა, ხოლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე, მოვალის მიმართ გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 225 დღისა.”

 

კომპანიის გაკოტრება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდნენ. პროცედურების თანახმად, მოვალის ქონება აუქციონზე გავა და მიღებული შემოსავლით კრედიტორების ვალი დაიფარება.

 

კომპანია „გუდვილს“ ფინანსური სირთულეები 2013 წლის გაზაფხულზე შეექმნა.  1 ივნისიდან გუდვილი–ქარვასლა (სუპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში) დაიხურა.  2013 წლის 15 ივლისს დაიხურა  „თბილისი ცენტრალში“ მდებარე “გუდვილის” ობიექტიც. მაშინ “გუდვილის” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ობიექტები   ფინანსურად არამომგებიანი იყო და ამიტომ დაიხურა.  

კომპანია “გუდვილი” საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი