საქართველოს პატრიარქის შემდეგ NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებში კიდევ ერთი არაპოლიტიკოსი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფიგურირებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16%-ს მოსწონს ლევან ვასაძე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკოსებთან გამოჩენამ მისი ცნობადობა გაზარდა:
„თუ რამე შეიცვლება, გამოვალ და ვიტყვი პოლიტიკაში წასვლის შესახებ. არ ვეძებ პოპულარობას, კერძო ცხოვრებით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ხანდახან მიწევს გამოჩენა პოლიტიკოსებთან, მედია ამას ამჩნევს და ხდება ინტერპრეტაცია. ხან პრემიერობის კანდიდატად მასახელებენ, ხან მერობის. დამიჯერეთ, პოლიტიკა არ მაინტერესებს,” – აცხადებს ლევან ვასაძე.
იგი ხშირად ჩნდება ილია მეორის, ბიძინა ივანიშვილის და გიორგი მარგველაშვილის გარემოცვაში. რამდენიმე კვირის წინ ბიძინა ივანიშვილს მედიასთან იმის უარყოფაც კი მოუხდა, რომ მისი წასვლის შემდეგ ლევან ვასაძე არ იქნება მისი მემკვიდრე.
ვასაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან 35- წლიანი მეგობრობა აკავშირებს:
„გიორგი მარგველაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, უახლოესი. მე ნამდვილად არ ვმონაწილეობ ოფიციალურად მის საარჩევნო კამპანიაში. უბრალოდ, ერთხელ მესტიაში ვიყავი ჩასული, როდესაც პატრიარქი ჩაბრძანდა ტაძრის კურთხევაზე. ერთხელ ვიყავი საჩხერეში, ჩემს დედულეთში წავედით ერთად სენაკიდან, სადაც ჩემი მოძღვარი ვნახეთ. არავითარი ღრმა ჩანაფიქრი ამაში არ არის. მე და გიორგი ერთად ვართ 35 წელია.“
ლევან ვასაძე პოლიტიკას ემიჯნება, თუმცა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობს.
ის 2013 წლის 16 ივლისს დაარსებული “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს, რადგან ფონდი ჩამოყალიბების პროცესშია.
2013 წლის 30 სექტემბერს „თბილისი მეტეხი პალასში“ პრემიერ–მინისტრის მონაწილეობით თანაინვესტირების 6- მილიარდიანი ფონდის პრეზენტაცია შედგა. ფონდში ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობა კაპიტალის 15 პროცენტია.
თანაინვესტირების ფონდს უხელმძღვანელებს საქართველოში შექმნილი სპეციალური მმართველი კომპანია. ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინფორმაციით, ის ამ კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელია და, ამავდროულად, თანადაფინანსების ფონდის კონსულტანტი. ვასაძე თანაინვესტირების ფონდში კაპიტალით არ შესულა.
საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია კომპანია “ჯი სი ეფ პარტნიორები”, რომლის მიზანია ფონდების და ინვესტიციების მართვა და საკონსულტაციო მომსახურება. ამ კომპანიაში 16%-იან წილს ფლობს ლევან ვასაძე.
რა ბიზნესს ფლობს ვასაძე რუსეთში
ლევან ვასაძე 1970 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ფაკულტეტი. 1995 წელს მიიღო აშშ–ის ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის MBA დიპლომი.
1992–93 წლებში ის საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის „დემოკრატიის და აღორძინების“ ფონდში გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. რუსულ მედიასთან ვასაძე განმარტავს, რომ ფონდში მხოლოდ ინგლისურის კარგი ცოდნის გამო მოხვდა.
1995–97 წლებში ვასაძე აშშ–ში Sector Capital, Creditanstalt Investment Bank –ში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა. 1998 წლიდან ის მოსკოვშია და ფინანსურ კონცერნ „სისტემაში“ საქმიანობს, 2001 წელს ამ კონცერნის ვიცეპრეზიდენტია, ხოლო 2006 წელს კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე გააქვს.
ვასაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „სისტემიდან“ 7 წლის წინ წამოვიდა:
„რუსეთში მაქვს საინვესტიციო კომპანია, რომელიც აბანდებს კაპიტალს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში, თანაინვესტირების ფონდის მსგავსი. ერთ–ერთი ასეთი ინვესტიცია განვახორციელეთ ზოომაღაზიების საცალო ვაჭრობის ქსელში.”
ვასაძემ საინვესტიცო ფონდი Prometeus capital partners–ი მოსკოვში 2010 წელს დაარსა. ფონდის მონაწილეობით განხორციელებული საშუალო გარიგება 50 მილიონი აშშ დოლარია. მასთან ერთად ფონდს სააფთაქო ქსელ 36,6–ის მფლობელი გიორგი ჩქარეული და მოსკოვში ცნობილი იურიდიული ფირმის მენეჯერები, ოლეგ ანკინი და ტომ კოსკო მართავენ. ფონდმა იყიდა ზოომაღაზიების ქსელი „ბეთჰოვენი“ და „ზოობუმი“ და ვეტერინარული პროდუქციის დისტრიბუციას ეწევა.
ვასაძის აქტივები საქართველოში
ბიზნესმენი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად 2009 წელს დაბრუნდა. ვასაძეს ჰყავს მეუღლე ნინო დურგლიშვილი და 7 შვილი.
მისი კაპიტალის შესახებ ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემი არ იძებნება. ჟურნალმა „ფინანსებმა“ ვასაძის ქონება 2006 წელს 35 მილიონ დოლარად შეაფასა.
ის საკუთარი კაპიტალის მოცულობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირება:
„საქართველოში მაქვს კომპანია „ბაგრატიონი 1882“ და ცქრიალა ღვინოების წარმოება. მევენახეობა, ეს არის ჩემი ძირითადი პროექტი. საქართველოში ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მეღვინეობაში ვარ ჩართული. მიმაჩნია ძალიან პატრიოტულ და მნიშვნელოვან საქმედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და კულტურისთვისაც. ბევრი საქმე გავაკეთე ამ სფეროში და უფრო მეტს ვგეგმავ. ვარ კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი.“
ლევან ვასაძე საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრიცაა, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში. ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის ლონდონი-თბილისის თანათავმჯდომარეა ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი.







