ეკონომიკა

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმადობას ზრდის

18 სექტემბერი, 2013 •
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმადობას ზრდის

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 2011 წლიდან მილების წარმოება 2 000 ტონა იყო, 2012 წელს – 8 000 ტონა, 2013  წლის აგვისტოს მონაცემებით, 25 ტონა მილი აწარმოეს, თუმცა წლის ბოლომდე საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასი ტონაა. 2014  წელს კი დაგეგმილია 80 ათასი ტონა უნაკერო მილის წარმოება.

პატარკაციშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული მენეჯმენტი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 2011 წლიდან მართავს. ქარხნის დირექტორი ფარუქ სიდიკი ამბობს, რომ დაქირავებული მენეჯმენტის მოვალეობა საწარმოს სიმძლავრის გაზრდაა: 


ფარუქ სიდიკი - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი
ფარუქ სიდიკი – რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი

“ვგეგმავთ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას. ამის ნახევარი უკვე გახარჯულია. კრედიტებს შეღავათიანი პირობებით  „საქართველოს ბანკი“ გვაძლევს. წარმოების მასშტაბი ჯერ არ არის იმხელა, რომ  კერძო  ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალი მოვიზიდოთ“. 

სიდიკის თქმით, გაიზარდა ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების არეალი:


„არმატურის გაყიდვების გეოგრაფია გავზარდეთ. პროდუქტი გაგვაქვს ადგილობრივ ბაზარზე; ლიბანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში და თურქეთში. კვადრატული ნამზადის გაყიდვა ხდება კენიაში, სუდანში, თურქეთში, შრი–ლანკაში, ეთიოპიაში, ტანზანიაში, აზერბაიჯანში, კამერუნში და ინდონეზიაში. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დამზადებული უნაკერო მილების გაყიდვების გეოგრაფიაც გაიზარდა. პროდუქტის ძირითადი მომხმარებელი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები არიან. უნაკერო მილები გაგვაქვს ევროკავშირში და აშშ-ში, ყაზახეთში, უკრაინაში, რუსეთში, ირანსა და აზერბაიჯანში.“


რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კომერციული დირექტორის, ირაკლი აბაზაძის ინფორმაციით, საწარმოში ახალი ინვესტიციების განხორციელება 2014 წელსაც გაგრძელდება: 

„ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობა არის ფოლადის დნობა. ფოლადს ვაწარმოებთ ჯართის გადამუშავებით. გვაქვს სამი ღუმელი, აქედან ერთი ფოლადის რკალის მიმღები. კიდევ ერთი ღუმელია, სადაც უშუალოდ ვიღებთ ფოლადის მარკას.“

ირაკლი აბაზაძის ინფორმაციით, კვადრატული ნამზადის უწყვეტი ჩამოსხმიდან ხდება არმატურის დამზადება: 

„არმატურას ვამზადებთ იმდენს, რასაც ვყიდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დანარჩენს ვყიდით ნახევარფაბრიკატად, ანუ კვადრატულ ნამზადად. საწარმოში გვაქვს ორი მილსაგლინავი საწარმო. დღეს მუშაობს ერთი, რომელშიც ვაწარმოებთ დიდი დიამეტრის უნაკერო მილებს. ზოგადად, ეს პროდუქტი არის მთლიანად ექსპორტი. მილებს ვაკეთებთ 424 მილიმეტრის დიამეტრამდე, რომელიც, ძირითადად, გაზის და ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისათვის არის განკუთვნილი. მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ თუჯს და ფეროშენადნობებს. ჩვენივე საწარმოს საჭიროებისათვის ვამზადებთ ინსტრუმენტებს. გვაქვს საკმაოდ მძლავრი მექანიკური საწარმო. გვაქვს კირქვის კარიერი, რომელსაც დღესდღეობით ამუშავებს “ჰაიდელბერგი”. გვაქვს წიდის გადამამუშავებელი საამქრო. წიდებს ვანაწილებთ ფრაქციებად, მაგნიტურებად და არამაგნიტურებად. არამაგნიტურის მომხმარებლები არიან საქართველოში ცემენტის მწარმოებელი ქარხნები. მაგნიტურ ფრაქციას თავად ვამუშავებთ ქარხანაში.“


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 2100 ადამიანია დასაქმებული. 

მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავ საწარმოში დასაქმებული მუშები „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებენ, რომ დილის 8 საათიდან 18 საათამდე მუშაობენ და თვეში მათი ხელფასი 520 ლარია. აქვთ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, თუმცა პირობები არ მოსწონთ.

ფარუქ სიდიკი საწარმოს მუშახელის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმება. მისი თქმით, მუშების საშუალო ანაზღაურება 800 ლარია და დაგეგმილია ხელფასების 30-პროცენტიანი ზრდა:  

„რადგან მუშები საუბრობენ იმაზე, რომ არ მოსწონთ დაზღვევის პაკეტი და კვება, როგორც ჩანს, საწარმოში სხვა პრობლემა არ არის. ადამიანების სურვილებს ხომ საზღვარი არ აქვს“.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 2005 წლიდან ფლობდა კომპანია “ქართული ფოლადი” და ჯოზეფ კეი. „ქართული ფოლადის“ მტკიცებით, 2011 წლის 6 ივლისს მათ საწარმო უკანონოდ დაატოვებინეს. ხოლო ქარხანა და თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა შპს “რუსთავის ფოლადს”, რომლის მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.


სასამართლო დავა მხარეებს შორის 2013 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

მასალების გადაბეჭდვის წესი