ამ ავტოტრანსპორტის მფლობელები თურქეთში ამჟამად მოქმედი ტრანზიტის გადასახადის (600 ევრო და 1200 ევრო) ნაცვლად  გადასახადის ¼-ს გადაიხდიან.  კერძოდ, 150 ევროს ცარიელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და 300 ევროს  დატვირთული სატრანსპორტო საშუალებისთვის.

 

რატომ შეცვალა თურქეთმა ეკონომიკური პოლიტიკა საქართვლოსთან და ვისთვის გაძვირდება ტრანზიტული გადაადგილება თურქეთში? 

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 1 ივლისამდე თურქეთისთვის გამონაკლისს მხოლოდ საქართველო წარმოადგენდა. თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, 2004 წლიდან ტრანზიტულ სანომრე ნიშნიან დახურული ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული ტრანზიტის გადასახადი ყველა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება.

 

“ნეტგაზეთს” ეკონომიკის სამინისტრო პრესსამსახურში განუმარტეს, რომ  საქართველოს არ ჰქონდა შეთანხმება თურქეთთან, უბრალოდ, იყო განსაკუთრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება: „რამდენადაც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც თურქეთს იყენებდნენ სატრანზიტო ქვეყანად, საქართველოსთან მიმართებაში თურქეთის პოზიცია გააპროტესტეს. მოლაპარაკების შედეგად, თურქული მხარე წავიდა დათმობაზე და საქართევლოს მიმართულებით მოძრავი ტრანზიტულნომრიანი  ფურგონის ტიპის ე.წ. პანელ ვან-ების და მიკროავტობუსები ტრანზიტული გადასახადის  ¼-ს გადაიხდიან”.

 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადასახადი არ ეხება საქართველოში დარეგისტრირებულ ავტომობილებს: “ეს ეხება ტრანზიტულად მოძრავ ავტომობილებს. ეს გადასახადი თურქეთში მოქმედებს 2004 წლიდან. გამონაკლისი იყო მხოლოდ საქართველო. 2013 წლის 1 ივლისს თურქეთმა აამოქმედა ეს 600 და 1200- ევროიანი გადასახადი. შემდეგ ჩაერია ეკონომიკის სამინისტრო, შედგა მოლაპარაკება თურქეთთან. ორთვიან ვადაში განიხილეს ჩვენი წინადადება და დადგინდა ტარიფი, ცარიელ ტრანსპორტზე 150 ევრო და დატვირთულზე 300 ევრო იქნება.

 

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ტრანზიტული გადასახადი საქართველოშიც მოქმედებს და თურქეთიდან ტრანზიტით მოძრავი ტრანსპორტი 200 ლარს იხდის: “ეს ეხება ტრაილერებს და ავტობუსებს, რომლებიც მოძრაობენ  თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან საქართველოში.“

 

შეკითხვას, რატომ გადახედა თურქეთმა საქართველოსთან არსებულ სატრანზიტო პოლიტიკას, თურქეთის საელჩოში არ უპასუხეს. საელჩოში განაცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან.

 

საქართველოში მოქმედ რომელ ბიზნესზე აისახება ნეგატიურად თურქეთის მიერ სატრანზიტო ტარიფის შემოღება?

 

კომპანია „გებრიუდერ ვაისი” საქართველოს ბაზარზე ერთი წელია საქმიანობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ევროპიდან სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით,  კონსოლიდირებული ტვირთები და ავტომობილები შემოაქვთ: “კონსოლიდირებული ტვირთები მოგვაქვს. მათ შორის ვახორციელებთ ავტომობილების იმპორტს საქართველოში. „რევ ტრაილერებით“ და ტენტიანი ტრაილერებით ვინც გადაადგილდება, მათ ეს  ცვლილება არ შეეხებათ.  ეს შეეხება იმ კომპანიებს, მათ შორის ჩვენც, ვისაც აქვს ექსპორტი ან იმპორტი თურქეთის გავლით. ეს გამოიწვევს ტრანსპორტირების ტარიფის გაძვირებას.“

 

„გებრიუდერ ვაისის“ წარომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გადახედავენ და არ არის გამორიცხული, რომ  მომსახურების ტარიფი გააძვირონ: „ვფიქრობთ, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ევროპიდან სახმელეთო გზით ავტომობილების იმპორტს გააძვირებს.“ 

 

შსს-ეს მიერ 2011 წლის ავტოპარკის კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ავტომობილის მარკა ოპელია. ქვეყანაში 84 175 ოპელი ფიქსირდება. მეორე პოზიციაზეა მერსედესი – 82 901, მესამეზე ფორდი _ 68 547 ავტომობილით, მეოთხეზე ფოლკსვაგენი – 42 613, მეხუთეზე კი BMW – 34 797 ავტომობილით. მეექვსე ადგილზეა მიცუბიში – 21 783, შემდეგ ტოიოტა – 20 388, ჰონდა – 10 340, ნისანი 10 524, აუდი _ 7 588 ავტომობილით.

 

ავტოიმპორტიორებს მერსედესი, BMW, პორშე და აუდი ევროპიდან ძირითადად სახმელეთო გზით შემოაქვთ, რადგან ამ ავტომანქანების ფასი მაღალია და სახმელეთო გადაზიდვა დაზიანების რისკს ამცირებს.

 

„თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება იმ ავტოიმპორტიორებზე, რომელთაც ავტომობილები ევროპიდან სახმელეთო გზით შემოაქვთ” –  აცხადებენ კომპანია „დი ემ ჯი ვესთლაინში“.

 

„სატრანზიტო გადასახადი მომსახურებას გააძვირებს, მაგრამ რა ტარიფები გვექნება, ჯერ არ ვიცით. უნდა დავთვალოთ. დაველოდებით რა რეაქცია მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას ბაზარზე.“

 

ევროპიდან იმპორტირებული ავტომობილების და მომსახურების გაძვირების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება კომპანია „ბლექ სი ქარგო”. კომპანიაში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მათ ავტომობილები ევროპიდან თავისი ტრანსპორტით არ შემოყავთ და დაქირავებულმა   სუბკონტრაქტორებმა პირველი სექტემბრიდან უკვე გაძვირებული ტარიფები შესთავაზეს: „გვყავს სუბკონტრაქტორები, რომლებიც ფასებს გვაწდიან. მათი მეშვეობით ჩამოგვაქვს ევროპიდან კონსოლიდირებული ტვირთები და ავტომობილები. როცა სექტემბრის ფასები მოგვაწოდეს, აღმოჩნდა, რომ მომსახურება გაგვიძვირეს.“

 

კომპანია “კავკასიის ავტო იმპორტი” ადგილობრივ ბაზარზე 2004 წლიდან საქმიანობს. კომპანია იაპონიიდან, აშშ–დან და ევროპიდან ავტომობილების იმპორტს ახორციელებს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *