კონფერენცია “ქორთარდ მერიოტში” საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მარტინ ჰომოლამ გახსნეს.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მისი უწყება მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს საჯარო სექტორში, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოდერნიზების მიზნით.
“ჩვენთან დაწყებულია შიდა აუდიტის რეფორმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი გამოყენების შიდა კონტროლს, რომ სამინისტროებმა თვითონ გააკონტროლონ, თვითონ მიაქციონ ყურადღება, რამდენად ეფექტიანად და სწორად იხარჯება ის სახსრები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. აქამდე ჩვენთან მხოლოდ ინსპექტირება ხდებოდა ამ მიმართულებით, ახლა განხორციელდება შიდა აუდიტი და მნიშვნელოვანია, რომ უწყებები უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ შიდა აუდიტის მიმართულების კუთხით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კონფერენციას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
