ეკონომიკა

დავით ნარმანია: ინვესტიციები მოდის ნელ-ნელა

4 ივნისი, 2013 • 1413
დავით ნარმანია: ინვესტიციები მოდის ნელ-ნელა

ბატონო დავით, როგორ გადანაწილდა ბიუჯეტი ახალი მთავრობის მუშაობის პირობებში, რა სფეროებია დაფინანსების თვალსაზრისით უპირატეს მდგომარეობაში?

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებზე ორი პროგრამაა მიმართული. პირველი – ეს არის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც 200 მილიონი ლარია ამ კუთხით გათვალისწინებული. თუმცა როცა ამ ბიუჯეტს გარეთ საჭიროებები არსებობს რეგიონებში, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცალკე დამატებით გამოყოფს თანხებს. ეს ფონდი კი მინიმუმ 200 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. მეორე – ეს არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ასევე მთლიანად რეგიონებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900 მილიონი ლარი დაფინანსება და ამ პროექტების  95 პროცენტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში. გამომდინარე აქედან, ჯამში საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სახის პროექტებსა და პროგრამებზე მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით მილიარდ რვაას მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.  

 

დაფინანსების მეტი წილი რომელ რეგიონზე მოდის?

 

ყველაზე მეტი იმერეთის რეგიონზე მოდის, იმიტომ, რომ ეს რეგიონი ყველაზე დიდია ტერიტორიული თვალსაზრისით და მუნიციპალიტეტების რაოდენობაც ყველაზე მეტია იქ. გარდა ამისა, იმერეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტობანის მშენებლობა, რაზეც ბევრი რესურსი იხარჯება.

 

ბათუმის ბიუჯეტის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ინფრატრუქრურული პროექტების დაფინანსების მეტი წილი გრანტებსა და სესხებზე მოდის…

 

ბათუმის ბიუჯეტი სხვა თემაა და ამ თემასთან მიმართებაში მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ბათუმში დაგეგმილი გვაქვს გონიოს ხიდის მშენებლობა. ახლა მიმდინარეობს კვლევა ამ საკითხებზე. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ აჭარაში ვახორციელებთ ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობას აზიის განვითარების კრედიტის ფარგლებში. რაც შეეხება ბათუმის ბიუჯეტს, არ მგონია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი გრანტებზე მოდიოდეს. გრანტები არის ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, თუმცა არა ძირითადი. შემოსავლების ძირითადი ნაწილი მაინც ფორმირდება გადასახადებიდან, ასევე, სხვა არასაგადასახადო შემოსავლებიდან და არა გრანტებიდან.

 

გასული წლის ბიუჯეტის დაგეგმვას რომ შევადაროთ, არის რაიმე, რაც მკვეთრად შეცვალეთ ან რომელიმე პროექტი ხომ არ შეჩერებულა?

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

უარი არსებითად არც ერთ პროექტზე არ გვითქვამს. ზოგიერთ პროექტს გადავხედეთ ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და  გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ მათში. მაგალითისათვის გეტყვით ბათუმის ნაპირდაცვის პროექტზე. საკურორტო სეზონის შემდეგ, შემოდგომაზე, აჭარაში ვიწყებთ ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას. პროექტი აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ზღვისა და შტორმისგან ბათუმის ნაპირის დაცვას გულისხმობს. ამ პროექტში გათვალისწინებული იყო ოქროს ქვიშების ნაპირის მშენებლობაც, რომელიც ამოვიღეთ. ნაცვლად ოქროს ქვიშებისა, ეს ჩვეულებრივი  ქვიშა-ღორღის მასალისგან გაკეთდება. გვქონდა სამი ან ოთხი მსგავსი პროექტი, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გადავხედეთ და ცვლილებები შევიტანეთ, პროექტების განხორციელებაზე კი უარი არ გვითქვამს.

 

რაც შეეხება ნაპირგამაგრების პროექტს, ეს ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ წლების წინ მომზადებული პროექტია?

 

ეს არის ახალი პროექტი, მისი პროექტირება შარშან განხორციელდა. ახლა მიმდინარეობს ამ პროექტის დაზუსტება.

 

ანუ მომავალი წლიდან დროებითი ჩაყრა ნაპირგამაგრებისთვის აღარ იქნება საჭირო?

 

დროებითი ჩაყრა აღარ იქნება, ყველაფერი საფუძვლიანად გაკეთდება.

 

ნაპირგამაგრებისთვის რამდენი დაიხარჯება?

 

პროექტის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ლარია. როცა დასრულდება პროექტირება და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება, მერე გვექნება ზუსტი ბიუჯეტი.

 

ექსპერტები ინვესტიციების შემოდინების შეჩერებაზე საუბრობენ, დღეს საქართველოში საინვესტიციო გარემო აღარ არის?

 

ინვესტიციები მოდის ნელ-ნელა. სასურველია მეტი საინვესტიციო აქტივობა, თუმცა გარდამავალ პერიოდს ყოველთვის ახასიათებს საინვესტიციო აქტივობის შედარებით დაბალი ტემპი. ჩვენ საინვესტიციო აქტივობას უფრო მესამე-მეოთხე კვარტალში ველოდებით.  მომდევნო წელს უფრო მაღალი უნდა იყოს საინვესტიციო აქტივობა, ვიდრე ეს იქნება 2013 წელს, იმიტომ, რომ ეს წელი ერთ-ერთი რთული წელია საქართველოსთვის წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ინვესტორები მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან, ელოდებიან როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, შეიცვლებიან თუ არა გუბერნატორები და ასე შემდეგ. როცა ეს პროცესები უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაივლის, მოიმატებს ინვესტიციები.

 

ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ოდნავ შემცირებულია. თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ჩვენს რეგიონში, ევროპის ქვეყნების მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1013 წელს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე ოდნავ ნაკლებია და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

 

დასაქმების პრობლემას შევეხოთ, ცოტა ხნის წინ თქვენმა სამინისტრომ დაასახელა ციფრები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება უახლოეს თვეებში, სად აპირებთ მათ დასაქმებას?

 

ჩვენი სამინისტროს პროექტები პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. ამ პროექტების განხორციელებას კი პერსონალი სჭირდება. მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი ადამიანი დასაქმდება დამატებით სეზონის განმავლობაში. ეს არის ზაფხული-შემოდგომის სეზონი, როცა სეზონური სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ დასაქმების წყარო და საშუალება არის, რაც სამუშაოს შემსრულებელ ადამიანებს დამატებით შემოსავლებს გაუჩენს.  

 

ხშირად კონკრეტულ პროექტებში ადგილობრივი სპეციალისტი ვერ საქმდება. ამის მიზეზად კი არასათანადო კვალიფიკაციას ასახელებენ. ხომ არ არის რაიმე გეგმები ან პროექტი, რაც ადგილობრივი კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს?

 

ვიწრო სპეციფიკის პროექტებში, სადაც ადგილობრივი გამოცდილება მწირია, ძირითადად, უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოეთიდან საინჟინრო პერსონალია მოწვეული, რადგან ადგილზე არსებული პერსონალის გამოცდილება საერთაშორისო პროექტებს ვერ წვდება და დონორი ორგანიზაციები ითხოვენ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობას. 

 

მალე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლდება ლაბორატორია, გაკეთდება თანამედროვე სასწავლებელი, სადაც აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები დაგვეხმარებიან, რომ ნელ-ნელა ჩვენთან დაიწყოს საინჟინრო პერსონალის მომზადება იმ მიმართულებებით, რაშიც ჯერჯერობით გარკვეული ჩავარდნა გვაქვს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.  

 

გარედან რომ შეხედოთ სამინისტროს მუშაობას, რა არ მოგეწონებოდათ? რა არის ის, რის შეცვლაც ამ დრომდე ვერ მოასწარით?

 

ვისურვებდი უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტივობას, უფრო მეტ საინვესტიციო აქტივობას, თუმცა ერთი ხელის მოსმით ეს ვერ ხერხდება. მეორეა კანონმდებლობა, იგივე საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც მზადდება, იცვლება, ასევე, დასაქმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიურ კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ტემპები გაიზარდოს. ჩვენი ეკონომიკა ინვესტიციებზე მნიშვნელოვანად დამოკიდებული ეკონომიკაა და ყოველთვის, როცა მეტი ინვესტიცია შემოდიოდა ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი იყო, ასეთ შემთხვევაში იზრდებოდა დასაქმების მასშტაბებიც. გარდამავალ პერიოდში  საინვესტიციო აქტივობა ოდნავ შემცირდა.

 

სახელმწიფომ ამის შესაცვლელად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ  როგორც თქვენ თქვით, არჩევნების დასრულებამდე დაცდაა გამოსავალი?

 

ერთი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაწილი. მეორე არის სასამართლო სისტემის რეფორმა და პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება, რომ ეკონომიკური დავების შემთხვევაში სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ერთ-ერთი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. ისევე როგორც საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც პრაქტიკულად მოგვარდა ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო წილში არ უჯდება ბიზნესს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს ქონებას და არ ეშინოდეს იმისა, რომ მას შეიძლება ვინმემ ის ჩამოართვას.

 

ავტომაგისტრალი არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ჩვენს ქვეყანაში. დასრულებული სამუშაო კი მალე ისევ თავიდან არის გასაკეთებელი…

 

ამ კუთხით ჩვენ დავიწყეთ აქტიური მონიტორინგი. ისევე როგორც ვაზუსტებთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მშენებლობა ხორციელდება. უკვე მოვამზადეთ რამდენიმე  სტანდარტი და რეგულაცია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია შემსრულებელ კომპანიებს მოვთხოვოთ ხარისხის დაცვა. გარდა ამისა, დავიწყეთ პერიოდული გადამოწმებები. სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე ხდება ამოჭრა გარკვეული მონაკვეთის და მისი ლაბორატორიული შემოწმება. გარდა ამისა ადრე იყო გზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ერთწლიანი კონტრაქტები, ჩვენ ორწლიანი საგარანტიო ვადა ჩავუდეთ კომპანიებს, რომ მათ მიერ დაგებულმა გზამ მინიმუმ ორი წელი კარგად იმუშაოს, სხვა შემთხვევაში  სერიოზულად დაჯარიმდება შემსრულებელი კომპანია.  

 

საუბარია, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკური სტრატეგია…

 

ეს დოკუმენტი მომზადების ფაზაშია. საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაევალათ მისი მომზადება. საჭიროების შემთხვევაში სხვა სამინისტროებიც ერთვებიან ამ პროექტში. დოკუმენტი შემოდგომისთვის მზად იქნება იმისათვის, რომ მომავალი წლიდან ამ დოკუმენტზე დაყრდნობით დაიწყოს ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა სამინისტრო შესაბამისად თავის დარგობრივ დოკუმენტებზე მუშაობს. ჩვენ ვამზადებთ 2014-1017 წლების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრატეგიას.

 

ბათუმის საკრებულოს წევრი ითხოვდა ბიუჯეტში დარჩენილი თანხის, ანუ ნაშთის მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყენების ნებართვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამ საკითხზე, შესაძლებელია თვითმმართველობამ თანხის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ინიციატივები განახორციელოს?

 

სესხის გაცემის საკითხები საბიუჯეტო კოდექსით რეგულირდება, თუმცა იქ არ არის განსაზღვრული სესხის გაცემის პროცედურები. თვითმმართველობის მხრიდან სესხის აღებაზე საუბარი არის საბიუჯეტო კოდექსში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას ფინანსთა სამინისტროსთან სჭირდება შეთანხმება და გაცემასთან დაკავშირებული საკითხები არ არის ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილება. ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის  უფლებამოსილება არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტებით უზრუნველყოფა, ეს თავიდან ბოლომდე კერძო სექტორის უფლებამოსილებაა. თვითმმართველობამ თავისი საბიუჯეტო სახსრებით უნდა შექმნას საჯარო ინფრასტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებია. უნდა შექმნას განვითარების სტრატეგია, მოაწესრიგოს გზები, წყალმომარაგება, ელექტროენერგიით მომარაგება და ისეთი საკითხები, რაც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით უფრო საინტერესო იქნებოდა, ჩემი აზრით, არსებული ნაშთის გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი