გურჯაანის გამგებლის აკაკი ოსიშვილის ინფორმაციით, სოფლებში მრავალწლიანი კულტურები 2009 ჰექტარზე იყო დარგული. ერთწლიან კულტურებს კი 432 ჰექტარი ეკავა.
„არ არის ჯერ ცნობილი რა თანხას შეადგენს ზარალი, რადგან ვენახს ნაყოფი არ ჰქონდა. ძირითადად ზარალის დათვლა შესაძლებელია სადაც ბოსტნეული და ხილი იყო დარგული. განსაკუთრებით დაზარალდნენ ისინი, ვისაც მარწყვის ბაღები ჰქონდათ.“
სტიქიიდან რამდენიმე დღეში დედაქალაქის საკოლმეურნეო ბაზრებში და სუპერმარკეტებში ხახვი, საადრეო კარტოფილი და მარწყვი გაძვირდა.
კახეთში, 14 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად გურჯაანის რაიონის სოფლებში კარდენახში, ჭანდარში, ძირკოკში, ვეჯინში, კოლაგსა და ბაკურციხეში სახნავ–სათესი სავარგულები და მრავალწლიანი კულტურები 100 პროცენტით განადგურდა.
აკაკი ოსიაშვილის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულებს, ჯერ ფინანსური დახმარება არ მიუღიათ: „ახლა შესაწამლ ნივთიერებას ვურიგებთ ხალხს, რომ დაზიანებული ვენახი შეწამლონ და ნაყოფი გადაარჩინონ.“
14 მაისის სტიქიის შემდეგ საკოლმეურნეო ბაზრებში მარწყვის ფასი 2 ლარიდან 3,50–4 ლარამდე გაძვირდა. ბალის ფასი 4–6 ლარამდე მერყეობს, ხოლო ალუჩის ფასი 2– 2,50 ლარია.
ბოსტნეულით მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკოლმეურნეო ბაზრებში კახეთის სტიქიის შემდეგ ხილი და ბოსტნეული გაძვირდა.
დავით მაღრაძე ხილით და ბოსტნეულით 5 წელია ვაჭრობს:“სტიქია მოქმედებს ფასზე. როცა კახეთი ისეტყვება, ხილი ეგრევე ძვირდება. თუ მარწყვი 2 ლარი ღირდა და ასაღები ფასი 1,50 იყო, ეხლა 2,50–3 ლარია. გაძვირდა ბალი. დასეტყვილის ხარისხი დაბალია და 2 ლარად იყიდება, მაგრამ ხარისხიანის ფასი 4–6 ლარია“.
მაია ჯავახიშვილს სოფელ ვეჯინში მარწყვის ბაღი აქვს. მისი თქმით, სტიქიამდე მხოლოდ ორი მოსავლის გაყიდვა მოასწრო, მერე ბაღი 100 პროცენტით დაესეტყვა: „ზარალი 3 ათას ლარს აღწევს. კრედიტი მქონდა ბანკიდან და ველოდი, რომ კარგი მოგება დამრჩებოდა. ამ კრედიტით დავრგე მარყვი და სასუქი შევიძინე. დავიქირავე რამდენიმე ადამიანი. მარწყვის მოვლა არ არის ადვილი. სჭირდება სასუქი და დაბარვა“.
გიორგი გოგლაშვილს სოფელ კარდენახში მარწყვი საკუთარ ნაკვეთში მოჰყავს. მისი თქმით წელს რეგიონში გასულ წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი იყო: „მარწყვი ბევრმა დარგო ბოლო წლებში. კახეთის სავარგულების დაახლოებით 10–15 პროცენტი მარწყვს უკავია. კარგ მოსავალს ვიღებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ამინდზე ვართ დამოკიდებული. ეხლა დავზარალდით, თორემ მარწყვის რეალიზაციიდან კარგ შემოსავალს ვიღებთ.“
ამ დროისათვის ცნობილია, მხოლოდ რა რაოდენობის ზარალი მიადგა 14 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად ინფტასტრუქტურას. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამნისტროში აცხადებენ, რომ ზარალმა პირველ ეტაპზე 392 ათასი ლარი შეადგინა. ეს თანხა რეგიონისთვის უკვე გადარიცხულია. რაც შეეხება ფერმერებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ჯერ სტიქიით მიყენებული ფინანსური ზარალის მოცულობა დათვლილი არ არის.