„ჩვენ არ ვიცით, რამდენი მიწაა რეგისტრირებული საქართელოში. ქვეყანაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა აღრიცხული არ არის. არ ვიცით, რამდენი სახნავია და რამდენი მრავალწლიანი სავარგულია. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება რთულია ამ ინფორმაციის გარეშე. ჩვენ შევაფასეთ ეს სუტუაცია და ვთქვით, რომ ეს ინფორმაცია საჭიროა და არ არსებობს,“– ამბობს მსოფლიო ბანკის ექსპერტი და LGAF –ის პროექტის კოორდინატორი დავით ეგიაშვილი.
მიწის მართვის სისტემის შეფასების კვლევა LGAF–ის პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა ექსპერტებმა ხუთი მიმართულებით განახორციელეს. ესენია: სახელმწიფო მიწის მართვა, მიწის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა, მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მართვა და გადასახადით დაბეგვრა, დავების განხილვა და მართვა.
დავით ეგიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტი ხარვეზი მიწის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სეგმენტში აღმოჩნდა: „სახელმწიფოში ძალიან მწირი სტატისტიკური ინფორმაციაა მიწათსარგებლობის და მესაკაუთრეობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რომ განსაზღვრო ნებისმიერი პოლიტიკა, აუცილებელია გქონდეს მონაცემები. მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია. ზოგ შემთხვევაში – შეუძლებელი.“
მიწის მართვის სისტემის შეფასების კვლევა LGAF–ის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა. დავით ეგიაშვილის განცახდებით, მიწის პირველადი რეგისტრაციის მოწესრიგების მიზნით უწყებამ პირველადი რეგისტრაციის საფასურის უნდა გადახედოს, მისი შემცირების ან გაუქმების თვალსაზრისით: „ეს ხელს შეუწყობს სასოფლო–სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარებას და ფრაგმენტაციის ხარისხის შემცირებას.“
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა, საჯარო რეესტრს მიწასა და უძრავ ქონებაზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას ავალდებულებს. სხვა შემთხვევაში სწორი მიწის პოლიტიკის განხორციელება შეუძლებელი იქნება:
„მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს ტექბიუროს არქივიდან დოკუმენტების მოთხოვნის საჭიროება, რადგან ის საჯარო რეესტრის შემადგენელი ნაწილია და თავად საჯარო რეესტრი უნდა ახდენდეს ამ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მოძიებას ერთი ფანჯრის პრინციპით. “
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ეკა კერესელიძე LGAF–ის პროექტის ფარგლებში გამოთქმულ რეკომენდაციებს იზიარებს: „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. რაც შეეხება მიწის ადმინისტრირების პოლიტიკას, ამ ეტაპზე ეს კვლევა მოგვცემს იმის საშუალებას, დღეს შეფასდეს, როგორია სახელმწიფოში მიწის რეგისტრირება. ეს მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს. მათ შორის ისეთს, როგორიც არის სახელმწიფო მიწის მართვა, მესაკუთრის პირველადი რესგისტრაციების დასრულება, მონაცემების სიზუსტე და დავების გადაწყვეტა.“
ეკა კერესელიძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრს სჭირდება რეფორმები: „უწყებაში მიმდინარეობს რეფორმები. მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. რეკომენდაციები, რომელსაც დადებს მსოფლიო ბანკი და აღნიშნული კვლევა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. საჯარო რეესტრი უნდა გახდეს საკუთრების დაცვის გარანტი და, ამავდროულად, დასრულდეს პირველადი რეგისტრაციის პროცესი საქართველოში.“