მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება, რომელსაც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) აფინანსებს, 82 მილიონ ევროს აჭარბებს. ეს ის თანხაა, რომელიც ბათუმის მერიამ ეტაპობრივად ბათუმის ბიუჯეტიდან უნდა დაფაროს. ამას დაემატება სესხის მომსახურებისა და საპროექტო ხარჯებიც.
ამ პროექტის აქტიური ფაზა 2007 წლიდან დაიწყო:
“პროექტის ფაზების მიხედვით, პირველი სესხი 17 მილიონ 100 ათასი ევროს ოდენობით არის აღებული, მეორე სესხი 45
მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 6 მილიონ 700 ათასი აჭარის მთავრობას აქვს აღებული. პროექტის მესამე ფაზაში სესხის სახით 20 მილიონი ევროა აღებული, მესამე ფაზას ახლავს თითქმის იმავე ოდენობის გრანტის ელემენტი. ოღონდ ეს არ არის საბიუჯეტო გრანტი, ანუ ის ადგილობრივ ბიუჯეტში არ გამოივლის და ბანკიდან პირდაპირ შემსრულებელს ერიცხება. ამ შემთხვევაში მერიის პრეროგატივა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებაა ტენდერის მეშვეობით”, – განმარტა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ.
სესხის საპროცენტო განაკვეთის დაფარვა სესხის დამტკიცების დღიდან, ანუ 2007 წლიდან დაიწყო. მერია ვალს ლარში ფარავს. არჩილ ვანაძის განმარტებით “განსხვავებულია ათვისებული თანხისა და აუთვისებელი თანხის საპროცენტო განაკვეთებიც, აუთვისებელი თანხის პროცენტი ბევრად დაბალია”.
დღემდე ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის ფარგლებში მერიამ ათვისებული და აუთვისებელი თანხის სასესხო მომსახურებისა და პროცენტის გადახდის მიზნით 4 454 685 ლარი გადაიხადა. მთლიანობაში სესხების დასაფარავად რა თანხის გადახდა მოუწევს მერიას პროცენტის სახით, ამ ციფრს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ვერ აკონკრეტებს: “ეს პროექტების დასრულების ვადებზეა დამოკიდებული”.
ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის გარდა, მერიას გასულ წლებში სესხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდანაც აქვს აღებული, ამ სესხით მერიამ ავტობუსები შეიძინა. არჩილ ვანაძის განმარტებით, მომავალი წლიდან მერიას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აღებული სესხის ძირი თანხის დაფარვის დაწყებაც მოუწევს, რაც ჯამში 11 მილიონი იქნება, შემდეგ წლებში კი ეს თანხა მინიმუმ ორ-ორი მილიონით გაიზრდება, “ვალების დაფარვის პიკი კი 2017 წელი იქნება”.
არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის მერია ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის დასაწყებად ცდილობს თანხის მოძიებას. თუ ამ თანხასაც მერია სესხის სახით მიიღებს, ეს სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის სასესხო გადასახდელების ციფრს ბათუმის ბიუჯეტიდან.
სესხების ზრდა ხომ არ შეიცავს რისკებს იმ კუთხით, რომ სამომავლოდ ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით დაფინანსების გრაფაში თანხის რაოდენობა ვეღარ გაიზრდება? – კითხვაზე მერიის მთავარმა ფინანსისტმა უპასუხა:
“მომავალ წელს სადღაც 73 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავლებია პროგნოზირებული. ქალაქს მიმდინარე ხარჯების, მათ შორის პროცენტების გადახდის საშუალება ექნება. რაც შეეხება კაპიტალურ პროექტებს, ამ ნაწილში უკვე მხარდაჭერა დაგვჭირდება. ეს სესხები აღებულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენ მთავრობისგან გვაქვს მიღებული, ანუ გარანტორი საქართველოს მთავრობაა.”
სასესხო მომსახურებისათვის თანხა აჭარის ფინანსურ დოკუმენტშიცაა გათვალისწინებული, მთავრობა “აჭარის მყარი ნარჩენების მომსახურების გაუმჯობესებისა და გაფართოების” პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯებს ფარავს. ამ პროექტის განხორციელება ჯერ დაწყებული არ არის. პროექტის დამტკიცებიდან, ანუ 2009 წლიდან დღემდე, აჭარის მთავრობა ნაგავსაყარის მშენებლობისთვის ოპტიმალური ადგილის შერჩევაზე მსჯელობს, ამჯერად არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურზე შეაჩერეს.
“აჭარის მყარი ნარჩენების მომსახურების გაუმჯობესებისა და გაფართოების” პროექტის სესხის პროცენტის დაფარვა ხელშეკრულების თანახმად მისი დამტკიცების დღიდან იწყება, აჭარის მთავრობამ პროექტის ფარგლებში მიღებული აუთვისებელი თანხის საპროცენტო განაკვეთის სახით 2009 წლიდან დღემდე 481 000 ლარი გადაიხადა, თანხის ათვისების დაწყებიდან საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება.