ეკონომიკა

ბათუმის პორტის მმართველი: “ტრანსსისტემის“ მონოპოლია ივანიშვილის მოსვლის მერე გავაუქმეთ

4 თებერვალი, 2013 •
ბათუმის პორტის მმართველი: “ტრანსსისტემის“ მონოპოლია ივანიშვილის მოსვლის მერე გავაუქმეთ

„ტრანსსტემთან“ დაკავშირებით ყოველგვარი ექსკლუზიურობა, მონოპოლია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის მერე გავაუქმეთ. მათ ჰქონდათ ხელშეკრულება 2013 წლამდე და არ იყვნენ ამაზე თანახმა, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ ისინი, რომ მონოპოლიურობა და ექსკლუზიურობა ამოვიღეთ კონტრაქტიდან”, – განაცხადა ჯობავამ. 

 

შეკითხვაზე, იყო თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთა დაკავშირებულ კომპანია „ტრანსსისტემთან“ გაფორმებული ხელშეკრულება წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგი? – ჯობავა პასუხობს:

 

“კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რაც ახლა ხდება. ჩვენ მოვედით ორი თვეა და ზუსტად სამ კვირაში კონტრაქტის საფუძველზე ვაიძულეთ ისინი მონოპოლია და ექსკლუზიურობა გაგვეუქმებინა. იმაზე, რაც ადრე იყო, ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ. ნამდვილად არ ვიცი, ვინ დგას „ტრანსსისტემის“ უკან, კეზერაშვილი თუ სხვა ვინმე, ეს მათი პრობლემაა. მე ვიცი, ვინ დგას ბათუმის პორტისა და ტერმინალის უკან – ეს არის „ყაზტრანსოილი“ და „ტრანსსისტემს“ ისეთივე პირობები ექნება ბათუმის პორტში, როგორც სხვებს.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გაზეთმა ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით – ექსკლუზიური გადამზიდავი ბათუმის პორტიდან – კავშირი კეზერაშვილთან. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კომპანია “ტრანსსისტემი”, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება, ბათუმის პორტიდან ტვირთების გადაზიდვაზე ექსკლუზიური უფლებით სარგებლობდა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რომელიც დეტალურად იცნობს საზღვაო გადაზიდვების სფეროში არსებულ თამაშის წესებს, ბათუმის პორტმა, რომლის მფლობელიც ყაზახური კომპანიაა, “ტრანსსისტემს” მხოლოდ იმიტომ დაუთმო მისი წილი შემოსავალი, რომ კომპანია დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.

 

არჩილ ხაბაძე ბათუმის პორტში
არჩილ ხაბაძე ბათუმის პორტში

დღეს, 4 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბათუმის საზღვაო პორტი მოინახულა და ძირითადი ტვირთების, მიმართულებებისა და გადაზიდვების სიხშირეს გაეცნო. 2013 წლის იანვრიდან ბათუმის პორტს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. იანვარში ბათუმის პორტიდან 200 000 ტონა მშრალი ტვირთი გადაიზიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი