ეკონომიკა

სიპები 2013 წლის ბიუჯეტში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

15 იანვარი, 2013 •
სიპები 2013 წლის ბიუჯეტში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

 

2012 წლის დეკემბერში, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განკარგულების საფუძველზე, საჯარო სამარლის იურიდიულ პირებს შემდეგი შეზღუდვები დაუწესდათ:

 

სიპის ხელმძღვანელს შეუძლია შტატგარეშედ, საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამშრომლების 2 პროცენტი დაიქირაოს, სიპის ხელმძღვანელის ხელფასი მინისტრის პირველი მოდგილის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს. შტატით დასაქმებული თანამშრომლის ხელფასი კი 1500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სიპის საპრემიო ფონდის მოცულობა არ უნდა იყოს შტატით განსაზღვრული თანამშრომლებისათვის განსაზღვრული სარგოების წლიური ჯამის 20 პროცენტზე მეტი.  ეს შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. 

 

სიპებმა შესაბამისი განკარგულებების პროექტი მოამზადეს და მთავრობას მიმართეს. 2013 წლის 15 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე სიპებისთვის აღნიშნული შეზღუდვების საკითხზე იმსჯელეს.

 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ გააკეთა: “საკითხი გადაწყდა დადებითად. დამატებითი საბიუჯეტო ასიგნინების ფარგლებში, შტატგარეშე ტექნიკური პერსონალის აყვანა შესაძლებელი გახდა.”

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის დავით ბესტავაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მისი უწყებისათვის აღნიშნული შეზღუდვების მოხსნის საკითხის განხილვა გადაიდო: 

 

“ჩვენ  წარვადგინეთ სპეციალური განკარგულება, რომელიც ეხებოდა 2013 წლის ბიუჯეტის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვას, რომლის თანახმადაც, შტატგარეშე მოსამსახურეთა საშუალო შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებული   თანამშრომლების საშუალო შრომით ანაზღაურებას.”

 

დავით ბესტავაშვილის განმარტებით, მისი უწყების ინიციატივა იყო, რომ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასი 2 000 ლარამდე გაზრდილიყო: “ეს იქნებოდა კარგი არგუმენტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად. ჯერჯერობით, ამ საკითხის განხილვა გადაიდო იმიტომ, რომ უწყებაშიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები და ამ საკითხის განხილვა შესაბამისად ამ ცვლილებებთან ერთობლიობაში მოხდება. ”  

 

 

    

მასალების გადაბეჭდვის წესი