ეკონომიკა

რაზე ისაუბრეს ბიზნესმენებმა ფინანსთა მინისტრთან ბათუმში

14 ნოემბერი, 2012 • 1169
რაზე ისაუბრეს ბიზნესმენებმა ფინანსთა მინისტრთან ბათუმში

შეხვედრა, რომელსაც 200-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა, ორ საათს გაგრძელდა. ბიზნესმენებს კითხვები, ძირითადად, ნოდარ ხადურთან ჰქონდათ. 

 

„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი, რათა თქვენი საქმიანობა იყოს უფრო საინტერესო, უფრო თავისუფალი და იყოთ გარანტირებულები. წინა ხელისუფლება ამაყობდა იმით, რაც ბიზნესის დაწყებას შეეხებოდა. ბიზნესის დაწყებაში პრობლემა არ იყო, მაგრამ ბიზნესის კეთებაში იყო სერიოზული პრობლემები. საქართველო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც საკუთრების უფლება არ იყო დაცული. ახლა ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ თქვენი თანამშეწე, თქვენი დამხმარე, იმისათვის, რომ თქვენი არც ერთი უფლება არ შეიზღუდოს და თქვენ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და შექმნათ მეტი სამუშაო ადგილი,“ – მიმართა ბიზნესმენებს ნოდარ ხადურმა. 

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, იწყება ჯარიმების მოცულობის შემცირება და საგადასახადო კოდექსის სერიოზული რევიზია:

 

„ეს არ შეეხება გადასახადებს, მაგრამ საგადასახადოს თანამშრომელი და მეწარმე კოდექსს სხვადასხვანაირად არ უნდა კითხულობდეს. თუ მათ შორის  არის განსხვავება, მაშინ მართალია მეწარმე და არა საგადასახადოს თანამშრომელი. ეს იქნება ჩვენი პრინციპი. თქვენ გადაიხადეთ გადასახადები და შემოსავლების სამსახური იქნება თქვენი თანაშემწე, თქვენი დამხმარე მეგობარი. ფინანსთა სამინისტროს სხვა საქმე არა აქვს, გარდა იმისა, რომ იზრუნოს ბიზნესზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში დასაქმების პრობლემა. დღეისათვის 800 ათას ადამიანს სურს საქართველოში სამსახური. ეს არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. ერთობლივად შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მინდა გთხოვოთ აქტიურად გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, პრემიერის სიტყვებს გავიმეორებ, თუ შეატყობთ, რომ რომელიმე სახელმწიფო მოხელე თქვენ გეფლირტავებათ, იყვირეთ, რომ გაუპატიურებენ. ჩვენ დაგიცავთ თქვენ,“-  განაცხადა ხადურმა ბიზნესმენებთან სიტყვით გამოსვლისას.

 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. აჭარაში მოქმედი ბიზნეს-საწარმოების ხელმძღვანელები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რაც დღეს ბიზნესს აქვს. სამედიცინო ცენტრ „მედინას“ ხემძღვანელმა ირის (ფატმან) ბორჩაშვილმა განცხადება სადაზღვევო კომპანიების  მიერ მონოპოლიზებულ სამედიცინო ბიზნესზე გააკეთა. 

 

„ყველა ავადმყოფს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს ნებისმიერი საავადმყოფო. როცა მე სამედიცინო ბიზნესი დავიწყე, აჭარაში ყველაზე სუსტი წერტილი ის იყო, რომ არ იყო წესიერი საავადმყოფო. ავაშენე უზარმაზარი, 140– საწოლიანი. არ არის არც ერთი სამედიცინო დარგი, რომელშიც მუშაობა არ შემიძლია,  მაგრამ სადაზღვევო კომპანიები არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას. მიაქციეთ ყურადღება ამ სადაზღვევო კომპანიებს. პაციენტებს არ უშვებენ კერძო საავადმყოფოში“, –  განაცხადა  ირის (ფატმან) ბორჩაშვილმა. 

 

„მონოპოლიები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის არა მხოლოდ ჰორიზონტალური მონოპოლიები, როდესაც პირობითად რამდენიმე ერთი და იგივე  საქონლის გამყიდველი კარტელურ გარიგებაშია და ერთი და იგივე სტრატეგიით მოქმედებენ ბაზარზე. არამედ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვერტიკალური მონოპოლიები, როცა სადაზღვევო კომპანიას, ფარმაცევტულ კომპნაიას, საავადმყოფოს ჰყავს ერთი პატრონი. რაც თავისთავად ცხადია იწვევს მომხმარებლის უფლებებზე სერიოზულ შეტევას. ამიტომ ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ კონკურენციას შევუწყოთ ხელი, მათ შორის სადაზღვევო ბაზარზე, იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისათვის,“ – განაცხადა ხადურმა ბიზნესმენის პასუხად.

 

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის კონსული ბათუმში ენგინ არიქანი. შეხვედრაზე მან იმ პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც თურქი ბიზნესმენები დგებიან ბათუმში:

 

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესმენი, რომელიც არის აქ დასაქმებული და მუშაობს, მიუხედავად მისი საინვესტიციო მოცულობისა, ისინი მიმართავენ დროებით ბინადრობას და დროებით ბინადრობაზე ხშირად ხდება, რომ უარს ეუბნებიან. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული  პრობლემა არის მათთვის, რადგან იურიდიულად სტატუსის პრობლემას ქმნის,“ – განაცხადა კონსულმა.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი იუსტიციის სამინისტროს ეხება.

 

„ბატონ არჩილთან შეხვედრაზეც დავსვი ეს საკითხი, მან მითხრა, რომ დაინტერესდებოდა. აქაც დავსვი, ხელმეორედ რომ შემეხსენებინა. რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო სასარგებლო. ბიზნესმენებმა ის პრობლემები და გაურკვევლობები, რის წინაშეც ისინი იდგნენ, დასვეს საკითხად. მეც, როგორ კონსულმა, ჩვენ მიერ თურქი მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით შეკითხვები დავსვი. ჩვენ ამ საკითხებზე მინისტრებთან და მთავრობის თავმჯდომარესთან ყოველთვის გვაქვს შეხვედრები,“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა ბათუმში ენგინ არიქანმა.

 

შეხვედრაზე სხავდასხვა პრობლემური საკითხები დაისვა. ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა  სასტუმრო „შერატონში“ განთავსებულ კაზინო „მშვიდობის“  მენეჯერ შოთა ამირანაშვილს. ის აჭარაში კაზინოების ბედით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, რა ბედი ელოდა აჭარაში სათამაშო ბიზნესს. 

 

„ჩვენთან 270-დან 300 კაცამდეა დასაქმებული, რომლებიც საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებენ. გვაქვს გეგმაში, გავაგრძელოთ ჩვენი ფულის დაბანდება ამ საქმეში და გავფართოვდეთ, მაგრამ რადგან ასეთი აქტულური გახდა და პირველივე დღეებში გაჩნდა ეს თემა, კაზინოების დახურვის, შევჩერდით. წინა ხელისუფლების დროს იყო ნათქვამი, რომ აჭარა ტურიზმის და სათამაშო ბიზნესის ცენტრად უნდა გადაიქცეს. წინა ხელისუფლების დროს  ინვესტორები იღებდნენ ინფორმაციას და ამის საფუძველზე აბანდებდნენ ფულს. ჰქონდათ შორს მიმავალი გეგმები.  იმის გამო, რომ ასეთი გაუგებრობაა ამ  საკითხში, ბიზნესს ვერ ვაფართოებთ, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა იქნება ხვალ. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბიზნესი, სათამაშო აპარატზე გადასახადი იყო 600 ლარი, ორწელიწადნახევარში ეს თანხა ორჯერ გაიზარდა. არ გვქონდა ლიცენზის გადასახადი, შემდეგ  ჩვენ დაგვიწესეს ლიცენზია 100 ათასი – ერთ წელიწადში. არც ეს არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ყველა გადასახადი, მაგრამ ყველაზე დიდ ზარალს რაც აყენებს დღეს ბიზნესს, ეს არის გაურკვევლობა,“ – განაცხადა შოთა ამირანაშვილმა. 

 

„ანალიზის გარეშე არაფერი არ უნდა გადაწყდეს. მე პირობას გაძლევთ, არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოში ერთი კაცის ნება– სურვილზე მიღებული. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისე, რომ არ დაზარალდეს საქმე,“ – განაცხადა პასუხად ფინანსთა მინისტრმა.

 

თუმცა მისი პასუხით უკმაყოფილო დარჩნენ სათამაშო ბიზნესში მომუშავენი. მათი განცხადებით, ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, რა ბედი ელის აჭარაში სათამაშო ბიზნესს. 

შეხვედრა ბიზნესმენებთან
შეხვედრა ბიზნესმენებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი