ეკონომიკა

სამედიცინო კორპორაცია ევექსი “ფარმადეპოსა” და “ჯიპისის” გააერთიანებს

24 ნოემბერი, 2016 • 7145
სამედიცინო კორპორაცია ევექსი “ფარმადეპოსა” და “ჯიპისის” გააერთიანებს

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ცნობით, ფარმაცევტულმა კომპანია „ჯიპისიმ” და ფარმაცევტულმა კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციამ” (ფარმადეპო) ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვებისა და ტრანზაქციების დასრულების შემდეგ გაერთიანდებიან.

მათივე ინფორმაციით, შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კომპანიას  სააქციო საზოგადოება „ქართული ფარმაცია“ (GEPHA) დაერქმევა, რომლის 67%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), ხოლო 33%-ის მფლობელი „ეი-ბი-სი ფარმაციას” არსებული ძირითადი აქციონერები იქნებიან.

სამედიცინო კორპორაცია “ევექსს” “საქართველოს ჯანდაცვს ჯგუფი” მართავს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი გილაური. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში”, თავის მხრივ, ინვესტიციას BGEO ჯგუფი ახორციელებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ასევე ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს. BGEO ჯგუფი ინვესტიციებს ასევე ახორციელებს “საქართველოს ბანკში”, “m2-ში”, “თელიან ველში” და ა.შ.

შპს „ეი-ბი-სი ფარმაციას” (ფარმადეპო) რეორგანიზაციამდე 81.6%-ს ენრიკო ბერიძე, ხოლო 14.4%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდნენ. სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის შემდეგ (2016 წლის ნოემბრიდან) ეს პირები გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები გახდნენ. მათ ასევე შეინარჩუნეს ეს წილები კომპანიაში.

ფარმადეპოს პრესსამსახურში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ კომპანიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანია “ჯიპისის“, ის 2016 წლიდან უკვე “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრია.

ნეტგაზეთს კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, რომ 22 ნოემბერს ევექსმა მათ უკვე აცნობა გაერთიანების შესახებ. “კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სააგენტო შეისწავლის მიღებული შეტყობინების კანონთან შესაბამისობას და ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ან დაუშვებლობის/აკრძალვის შესახებ.

სააგენტოს შეუძლია თანხმობა მისცეს, ან აკრძალოს გაერთიანება:

“ა) თუ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონისა და ამ წესის რეგულირების სფეროში, მაგრამ არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ქვეყნის სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობასთან დაკავშირებით;

ბ) თუ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონისა და ამ წესის რეგულირების ქვეშ და არსებითად ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას საქართველოს (ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის) სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და რომლის შედეგია დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება, იღებს გადაწყვეტილებას მისი დაუშვებლობის/აკრძალვის შესახებ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი