“ჰუალინგ ჯგუფმა” ბანკის აქციების 90 პროცენტი შეიძინა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ ციხისთავის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის საკუთრებაში “ბაზის ბანკის” აქციების მინორიტარული პაკეტი დარჩა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2012 წლის 28 ივნისს გაფორმდა.
ამ დროისათვის არ სახელდება აქციებში გადახდილი თანხა. თუმცა პირველი ინფორმაცია “ბაზის ბანკში” ჩინელი ინვესტორების შესვლის შესახებ ივნისის დასაწყისში Financial Times–მა გაავრცელა და გარიგების თანხად 100 მილიონი დოლარი დაასახელა.
პრესკონფერენციას “ჰუალინგ ჯგუფის” წარმომადგენლები ჯან ჯუნი და ჯუ ნინგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები პოლ ჰენრი ფორესტიერი და ირაკლი მექვაბიშვილი, ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარე ზურაბ ციხისთავი და ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ესწრებოდნენ.
“ბაზისბანკის” სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარე ზურაბ ციხისთავი თანამდებობას შეინარჩუნებს.
“Xinjiang Hualing Industry and Trade Group”–ი 1988 წელს დაარსდა. ჩინური კომპანია ხე–ტყის გადამუშაევბის სექტორში საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს . კომპანიამ უკვე განახორციელა 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია. “ჰუალინგ ჯგუფი” კაპიტალდაბანდების მოცულობას საქართველოში, სავარაუდოდ, 500 მლნ. აშშ დოლარამდე გაზრდის.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, “ბაზის ბანკში” აქციების პაკეტის ყველაზე დიდ წილს – 15 პროცენტს ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ფლობდა, 13,92 პროცენტს –ზურაბ ციხისთავი. აქციების 70.08 პროცენტი სხვა აქციონერებზე ნაწილდებოდა. აქციების 90 პროცენტის ჩინელ ინვესტორზე გასხვისების შემდეგ “ბაზისბანკის” აქციების 10 პროცენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და ზურაბ ციხისთავს შორის ნაწილდება. აქციების რა მოცულობა დათმეს მხარეებმა, გარიგების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ გახდება ცნობილი.