ეკონომიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში ფარმაცევტული ბაზრის შესახებ

22 ივნისი, 2012 •
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში ფარმაცევტული  ბაზრის შესახებ

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.  

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებს. PSP, AVERSI და GPC იმპორტს, დისტრიბუციას, საცალო ვაჭრობისა და წარმოების სექტორებს აკონტროლებენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ გამოიწვია ის, რომ  მედიკამენტებზე არის მაღალი  ფასნამატი, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოსახლეობის დანახარჯების ზრდას ფარმაცევტულ პროდუქციაზე,“– ნათქვამია ანგარიშში.   

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული ფინანსური შეთავაზებებით.

 

„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთ აფთიაქების  თანამშრომლებს აძლევენ მითითებას, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ.

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, როგორც ჩანს, თავისი როლის ეფექტიანად შესრულებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს“ –ნათქვამია ანგარიშში.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლად შექმნილმა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ამომწურავი მონაცემები ამ სექტორის შესახებ.

 

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, მოსახლეობის მიერ ფარმაცევტულ პროდუქციაზე გაღებული ხარჯები შეიძლება შემცირდეს აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღების, გენერიკების გამოყენების წახალისებისა და მედიკამენტების დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ აღსრულების გზით. ამასთანავე, საჭიროა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ხარისხის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი