ეკონომიკა

მთავრობა: საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

4 ოქტომბერი, 2016 •
მთავრობა: საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

“საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს, – პროექტს „საქართველოს რკინიგზა” მსოფლიოში სარკინიგზო შემადგენლობის მწარმოებელთა შორის უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან თანამშრომლობით განახორციელებს”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დღეს შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერის შეფასებით, პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ჩინეთის, ისე – რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, CRRC-თან ერთობლივი პროექტების განხორციელებით საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

„რკინიგზის სექტორში თვისობრივი ცვლილებების განხორციელება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მთლიანობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ახალი აბრეშუმის გზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საუბარია უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს არა მხოლოდ სარკინიგზო შემადგენლობის შესყიდვა, არამედ წარმოების დიდი ნაწილი გაწეული იყოს საქართველოში, რაც ახალ საწარმოო პოტენციალს განავითარებს.

„ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ რეგიონული დანიშნულების საწარმო, რომელიც რეგიონულ ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებითაც იმუშავებს. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მზარდი, ბევრი მიმართულებით გვაქვს კარგი მაჩვენებლები. სულ ახლო მომავალში მოვაწერთ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როგორიც არის ღვინის ექსპორტი. წელს 3 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტსაც არ ველოდებოდით, მაგრამ 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული. ეს დაახლოებით მესამედია იმისა, რის ექსპორტირებასაც ვახდენთ რუსეთის ბაზარზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ერთობლივ საწარმოში, რომელიც თბილისში აშენდება, წარმოებული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. „საქართველოს რკინიგზასა” და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენასაც გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი