ეკონომიკა

საშემოსავლო გადასახადი აღარ შემცირდება

6 ივნისი, 2012 • 2287
საშემოსავლო გადასახადი აღარ შემცირდება

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კატასტროფული არჩევანი გააკეთა, როდესაც საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარი თქვა: „ძალიან დიდი შეცდომაა და საკმაოდ ძვირად დაგვიჯდება ადრე თუ გვიან“. შეშელიძის შეფასებით, მთავრობას სულ უფრო მეტი შემოსავალი სჭირდება მეტი საჭიროებისათვის: „ბიზნესს თავისი გეგმები ჰქონდა და გათვლები. კომპანიებს შეექმნათ ფინანსური უხერხულობები, რადგან სხვა გათვლები და მოლოდინები ჰქონდათ. 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით ზარალდება ბიზნესი, რადგან მას განვითარებისათვის ნაკლები რესურსი რჩება“.

ბიზნესი მთავრობის ინიციატივას დუმილით ხვდება.

 

საშემოსავლო გადასახადის 20-პროცენტიან ზღვარზე დატოვებით საქართველოს მთავრობა 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უპირისპირდება. მაშინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას 2011 წელს ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი, 2014 წლის შემდეგ კი 15 პროცენტი უნდა გამხდარიყო.

 

რატომ შეცვალა ხელისუფლებამ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება და არის თუ არა საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტის  შევსების მნიშვნელოვანი წყარო?

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით 6 მილიარდ  970,4 ათასი ლარია მობილიზებული.  საბიუჯეტო გადასახადების სტრუქტურაში 2 მილიარდ 784,3 ათასი ლარი დღგ-ს გადასახადზე მოდის ( მშპ-ს 11,5 პროცენტი).

 

საშემოსავლო გადასახადი 1 მილიარდ 551 ათასი ლარია (მშპ-ს  6,4 პროცენტი),  მესამე ადგილზეა მოგების გადასახადი _ 832.2  მლნ (მშპ-ს 3,4 პროცენტი). ოთხეულში შედის აქციზის გადასახადი _ 615,2 მლნ ( მშპ-ს 2,5 პროცენტი), შემდეგ ქონების გადასახადი _ 220,4 მლნ ლარი  ( 0,9 პროცენტი) და  იმპორტის გადასახადი 93 მლნ ლარი (მშპ-ს 0,4 პროცენტია).
2010 წლის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადით მიღებული შემოსავალი 1 მილიარდ 202,1 ლარია.
საგადასახადო შემოსავლებში საშემოსავლო გადასახადს შენატანების კუთხით მეორე ადგილი უჭირავს. გადასახადების მობილიზების მხრივ  დღგ-ზე  46,7 პროცენტი, საშემოსავლო  გადასახადზე _ 25,5 პროცენტი, მოგების გადასახადზე _ 11,8 პროცენტი, აქციზზე _ 10,1 პროცენტი, ქონებაზე _ 3,7 პროცენტი, სხვა გადასახადზე –1,4  პროცენტი და საბაჟო გადასახადზე 0,8 პროცენტი მოდის.

 

„ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე მთავრობის გადაწყვეტილებას 2012 წლის არჩევნებს უკავშირებს: „ხელისუფლება ცდილობს დააფინანსოს პროექტები და მაქსიმალურად ჩაერიოს ეკონომიკაში.  ეს არის სოციალისტური მიდგომა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს არ მოიტანს“.

 

კალანდაძის შეფასებით, საშემოსავლო გადასახადის შემცირება   ხელისუფლებას 2012 წელს დაგეგმილი ხარჯების განხორციელებაში ხელს შეუშლიდა: „2012 წელი პოლიტიკურად ცხელია. ხელისუფლება ცდილობს, დააფინანსოს  ვაუჩერები და სოციალური პროგრამები, რაც ოქტომბრამდე განხორციელდება. ბუნებრივია, მთავრობა საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტით შემცირებას ამის გამო მოერიდა, რადგან ბიუჯეტი ამ მიმართულებით შემოსავლებს დაკარგავდა.“

 

საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებას არ ეთანხმება მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი. მისი თქმით,  მთავრობის გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით არის უცვლელი: „საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიდან 2 პროცენტი ფონდში გადაირიცხება. ეს გადასახადი უნდა აისახოს კონკრეტული ადამიანების შემოსავლებზე დანაზოგების სახით. მთელი რიგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და კვლევები ადასტურებენ, რომ საქართველო არის ძალიან უკან დანაზოგების შექმნის მხრივ. შემცირებული გადასახადიდან 2 პროცენტს კომპანია  მიმართავს ფონდში, რომელსაც დაერიცხება პროცენტი წლების მიხედვით“.

 

რამდენი იქნება საპროცენტო სარგებელი და რა ტიპის ფონდები შეიქმნება და ვინ გააკონტროლებს მათ საქმიანობას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვერ აკონკრეტებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან“ _ აცხადებს გია ხუროშვილი.

 

საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ შემუშავებულ ამ ცვლილებას პარლამენტმა  23 მაისს პირველი მოსმენით უყარა კენჭი. მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20-პროცენტიან  ნიშნულზე დარჩება.
საქართველოში საშემოსავლო გადასახადი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მცირეა, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. რუსეთში საშემოსავლო გადასახადი 13 პროცენტს შეადგენს, უკრაინაში – 15 პროცენტს.  

 

თითქმის ყველგან აღნიშნული გადასახადი დიფერენცირებულია და, შესაბამისად, გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი იმის მიხედვით დგინდება, თვეში ხელფასის სახით ვინ რამდენ შემოსავალს იღებს. განსხვავებული სიტუაციაა საქართველოსა და სომხეთში. ორივე ქვეყანაში დღემდე პროპორციული საშემოსავლო გადასახადის ფორმა მოქმედებს და მთავრობები მის შეცვლას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი