სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვერიკო გულუა ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის– „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის”– ფარგლებში მიმდინარეობს: „ავიაციის გამოყენებით შეიწამლება სამანქანო დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები. სამუშაოები 6 000 ჰექტარზე ჩატარდება“.
იტალიური კალია კახეთში აზერბაიჯანიდან გავრცელდა. ვერიკო გულუას განმარტებით: „აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვართან ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და, ფაქტობრივად, ნახევარუდაბნოა, იტალიური კალია იმ პირობებში კარგად მრავლდება. როცა მიწა დამუშავებულია, იქ კალიის გამრავლების საფრთხე ნაკლებია“.
ავიაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის სპეციალისტები მავნებლის ძლიერი გავრცელების კერებში წამლობას სპეციალური სამანქანო დანადგარების, ე.წ. მიკრონეიერების გამოყენებით ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ საქართველოში დამუშავებულია 2954 ჰექტარი დაზიანებული ფართობი. მათ შორის, კახეთის რეგიონში – 2484, ხოლო ქვემო და შიდა ქართლის ტერიტორიაზე– 670 ჰექტარი.
კახეთის გუბერნატორის მოადგილე სოფლის მეურნეობის საკითხებში ლევან გამსახურდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ იტალიური კალიის ახალი კერა აღმოჩენილია სიღნაღში. „მიმდინარეობს ამ ადგილის ავიაციის დახმარებით და სპეცილური დანადგარებით დამუშავება. „იტალიური კალია “ განსაკუთრებით სწრაფად საზამთროს ნათესებს ანადგურებს. ამ დორისათვის კახეთში დამუშავებულია „იტალიური კალიის“ მიერ დაზიანებული ტერიტორიდან თითქმის 3 ჰექტარი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრევენციული ზომები მიიღო.“
ლევან გამსახურდიას ინფორმაციით, „იტალიური კალია“ კახეთში, ნათეს ფართობებზე ჯერ არ შეჭრილა: „ მწერი განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულზე, რადგან ინტერსიურად მრავლდება და სულ უფრო მეტ ფართს იკავებს. „იატალიური კალია“ არ ემორჩილება ადგილობრივ პრევენციულ ზომებს. მისი განადგურება ლოკალურად უნდა მოხდეს“– ამბობს ლევან გამსახურდია.
აგრარიკოსი პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში „იტალიური კალიის“ გამრავლება ნათესი ფართობის შემცირებამ განაპირობა.
„იტალიური , მაროკოული და კუდკალიები აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, დასავლეთ საქართველოში კი გავრცელებულია საკარანტინე თეთრი პეპელა. ამ მწერების ძირითადი რეზერვაციები არის ყამირი მიწები.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის“ პროგრამისთვის გამოყოფილია 1 მლნ 200 ათასი ლარი. რომელშიც შედის პესტიციდების შეძენა, ასევე, მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, რა უნდა გაკეთდეს „იტალიური კალიის“ ან „საკარანტინე პეპელას“ შემოსევის დროს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „იტალიური კალია“ მწერების საშიშ კატეგორიას მიეკუთვნება. მას გადაადგილების ჯოგური ფორმები ახასიათებს. მაღალი ასაკის მავნებელი დაფრინავს და 1000 კილომეტრზე შეუძლია გადაადგილება. ამიტომ მისი განადგურება სწრაფად უდა მოხდეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2002 წლამდე 803 ათასი ჰექტარი მიწა იხნებოდა და ითესებოდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 275 ათას ჰექტრამდე შემცირდა. 528 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაუმუშავებელი დარჩა. პროფესორი აგრარიკოსის პაატა კოღუაშვილის შეფასებით, ამის უმთავრესი მიზეზი გაძვირებული საწვავი და მინერალური სასუქებია.