ეკონომიკა

ზეთისხილის ბაზრის 100 პროცენტი იმპორტს უკავია

1 ივნისი, 2012 •
ზეთისხილის ბაზრის 100 პროცენტი იმპორტს უკავია

ზეთისხილის სანერგე მეურნეობებმა საქართველოში 2009 წლიდან დაიწყეს განვითარება.

 

კომპანია „ჯეოლაივს“ საქარველოში ზეთისხილის ნერგები თურქეთიდან 2009 წლიდან შემოაქვს. კომპანიის კოორდინატორი ტარიელ პაიშვილი „ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ზეთისხილის ნერგებზე მოთხოვნა გაჩნდა:

 

„ზეთისხილის პლანტაციების მოშენება მცირე ფერმერებმა, ძირითადად, კახეთში დაიწყეს. ჩვენც ამ რეგიონში ზეთისხილი 10 ჰექტარზე გავაშენეთ. ნერგი მოსავალს 5 წელიწადში იძლევა“.

 

ტარიელ პაიშვილის თქმით, კომპანია „ჯეოლაივი“  თურქულ–ქართული ინვესტიციებითაა შექმნილი:

 

„ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა კახეთში თურქული ინვესტიციებით აშენდება. 2014 წელს მიღებულ მოსავალს უკვე ადგილზე გადავამუშავებთ. პროდუქციის გასაღების კუთხით პრობლემა არ გვექნება, რადგან ადგიობრივ ბაზარზე მოთხოვნა დიდია.“

 

ტარიელ პაიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, ზეთისხილის  პლანტაციები 500 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

 

„ჯეოლაივს“ ზეთისხილი 30 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია კახეთში დამატებით 65 ჰექტრის ათვისებას გეგმავს.

 

ადგილობრივ ბაზარზე ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის იმპორტი თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და სომხეთიდან ხორციელდება.     

 

„ემ ენდ ეს ჯგუფს“ ადგილობრივ ბაზარზე კონსერვირებული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი საბერძნეთიდან შემოაქვს. კომპანიის ხელმძღვანელი სერგო ლომიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა საბერძნეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ხარისხიანია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია:

 

„ბერძნული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ძვირ სეგმენტზეა გათვლილი და ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი“.

 

„ემ ენდ ეს ჯგუფის“ მიერ იმპორტირებულ ბერძნულ ზეთისხილზე  ფასები, დაფასოებიდან გამომდინარე, იცვლება. 250 –გრამიანი  ზეთისხილის კონსერვის ფასი 4,50 ლარიდან იწყება, ზეითუნის ზეთის ფასი – 6,50 ლარიდან.   

 

კომპანიის ხელმძღვანელი სერგო ლომიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას კომპანია „ჯეოკოპი“ უწევს.

 

„ჯეოკოპი“ ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს. კომპანია ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის იმპორტს საბერძნეთიდან და ესპანეთიდან ახორციელებს.

 

„ჯეოკოპის“ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მათ მიერ  იმპორტირებულ პროდუქციას ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს:

 

„ადგილობრივ ბაზარზე 85– პროცენტიანი ნიშა ზეთისხილის სეგმენტში, ხოლო 90– პროცენტიანი ზეითუნის ზეთის სეგმენტში გვიჭირავს. ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს და ჩვენი პორდუქცია ყველგან იყიდება“. 

 

კომპანია „ჯეოლაივის“კოორდინატორი ტარიელ პაიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტს, სავარაუდოდ, 2015 წლიდან დაუპირისპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი