ეკონომიკა

ევროპული ფონდის ფული საბანკო სექტორისთვის

31 მაისი, 2012 •
ევროპული ფონდის ფული საბანკო სექტორისთვის

სასტუმრო „რედისონში“ ევროპული ფონდის ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას 300–ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი და 30 ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატი ესწრებოდა.

 

ფონდის წარმომადგენლმა მონიკა ბექიმ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, საქართველოში წარმომადგენლობითი შეხვედრის ჩატარებამდე, ფონდმა რეგიონში ეკონომიკის განვითარების კუთხით კვლევა ჩაატარა და სამიზნე ბაზრები შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას იძლევა.  

 

ფონდის წარმომადგენლის მონიკა ბექის განმარტებით, საქართვლოს წილი ფონდის პორტფელში შთამბეჭდავი იქნება: „ფონდი დააფინანსებს საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე შეღავათიან სესხებს გასცემენ“. 

 

მონიკა ბექი საქართვლოში საკრედიტო რესურსების სიძვირის თემის კომენტრებისას ამბობს, რომ საქართველო სპეციფიკური ბაზარია: „საქართვლოში  საკრედიტო რესურსის ხარჯში გათვალისწინებულია რეფინანსირების განაკვეთი, ინფლაცია და რისკები. იმისთვის, რომ მომხმარებელს მოვემსახუროთ, კარგად უნდა იქნას დაბალანსებული საბანკო ხარჯები. საკრედიტო რესურსს ასევე აძვირებს საკრედიტო ოფისების მომსახურებისა და საოპერაციო ხარჯი“.

 

მონიკა ბექი ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად ბანკებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ: „აქტიურად უნდა დაინერგოს მობილბანკინგი და ინტერნეტ–ბანკინგი, რაც ბანკის საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს და საკრედიტო პროცენტსაც შეამცირებს.“    

 

„რედისონში“ გამართულ „ევროპული ფონდის“ წარმომადგენლობით  შეხვედრაზე საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც ისაუბრა.

 

ქადაგიძემ განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში 36 პროცენტიდან დაიწყო და დღეს 15-16-17 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ათი წელია, ბანკებში საპროცენტო განაკვეთის კლების დინამიკა შეიმჩნევა: „ყველა ნაბიჯი, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, მიმართულია არა მარტო ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, არამედ საპროცენტო განაკვეთების შესაბამის დონეზე დარეგულირებისკენაც,“ – განაცხადა ქადაგიძემ.

 

საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგენილი. საპროცენტო განაკვეთი  სხვადასხვა ტიპის სესხებზე 15 პროცენტიდან 36 პროცენტამდე იცვლება. იპოთეკური სესხის განაკვეთი 12–14 პროცენტია.

 

მიკროსაფინანასო ბაზარზე 63 ორგანიზაცია საქმიანობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთი 24–დან იწყება და 48 პროცენტს უტოლდება.

 

საქართველოში საბანკო პროცენტის სიძვირეზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, კომპანია „ემბავუდში“, ბიზნესთან სეხვედრისას გააკეთა.

 

თუ რა პროცენტში გამოუყოფს ევროპული ფონდი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ბანკებს საკრედიტო რესურსებს, ამ საკითხზე არც ბანკები აკეთებენ კომენტარს. თუმცა იმედოვნებენ, რომ ფული არ იქნება ძვირი და საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება.

 

ევროპული ფონდი (სამრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის) მთელ მსოფლიოში განვითარებად ქვეყნებს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებაში ეხმარება. ევროპული ფონდი 2005 წელს დაფუძნდა. მისი პორტფელიდან  1,8  მილიარდი დოლარის ოდენობის 300 ათასზე მეტი სუბსიდირებული სესხი გაიცა. ფონდის ხელშეწყობით, სამიზნე რეგიონში 315 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო კომპანიას, რომელიც დაფინანსებას როგორც კერძო ინვესტორებისაგან, ისე ევროპული სახელმწიფოების საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებს. 

 

ფონდის წარმომადგენლის მონიკა ბექის განმარტებით, ევროპულ ფონდს არ ჰქონია არც ერთი შეუსრულებელი ინვესტიცია  და საკმაოდ დაბალი იყო ზარალის მაჩვენებელიც.

 

ევროპული ფონდის მიზანია ეკონომიკური აღმავლობის დაჩქარება დასავლეთ ევროპაში. კერძოდ, ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, მაკედონიაში, საქართველოში, კოსოვოში, მოლდოვეთში, მონტენეგროში, რუმინეთში, სერბეთსა და უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი