ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ აქციების გასხვისება გადაიდო

24 მაისი, 2012 •
„საქართველოს რკინიგზის“ აქციების გასხვისება გადაიდო

 ლონდონის საფონდო ბირჟაზე  „საქართველოს რკინიგზის“ აქციების პირველადი განთავსება გადაიდო. ეს ინფორმაცია გაავრცელა  სააგენტო „როიტერმა“, ლონდონის საფონდო ბირჟის პრესრელიზის მიხედვით. 

 

ლონდონის საფონდო ბირჟის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, „საქართველოს რკინიგზის“  აქციების ლონდონის ბირჟაზე პირველადი განთავსება საქართველოს მთავრობის ინიციატივით გადაიდო. გავრცელებულ ინფორმაციაში აქციების განთავსების მიზეზად კაპიტალის ბაზრებზე შექმნილი რთული მდგომარეობა სახელდება.

 

„საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსუხურის ხელმძღვანელი ირმა სტეფნაძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაციის სიზუსტეს მთავრობაში არკვევს.

 

„საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსების გადადების  შესახებ არ ფლობს ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა შესაძლიოა განაცხადი 24 მაისის მთავრობის სხდომაზე გაკეთდეს.

საქართველოს მთავრობა „საქართველოს რკინიგზის” IPO-ს ფარგლებში  ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციათა მეოთხედის გაყიდვას და 250 მლნ აშშ დოლარის მიღებას გეგმავდა.   

“საქართველოს რკინიგზამ“ საკუთარი აქციები 15,25-19,00 აშშ დოლარის, ხოლო მთელი კომპანია – 800 მლნ-1 მლრდ აშშ დოლარის დიაპაზონში შეაფასა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსება 24 მაისს იგეგმებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი