ეკონომიკა

„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა

21 მაისი, 2012 •
„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა

 

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, პირველი პრობლემები კომპანიას სამი  თვის წინ შეექმნა. ფინანსური სირთულეების გამო მენეჯმენტმა ხელფასების გაცემა ვერ შეძლო და  თანამშრომლების რაოდენობა 300-დან 25-მდე შემცირდა.

 

კომპანია „სეილს ფორსი“ „მობი ფეის“ პროდუქტების  გაყიდვებს ახორციელებდა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში იყო წარმოდგენილი.  

 

„სეილს ფორსის“ ხელმძღვანელი ნიკა ორთოიძე ამბობს, რომ მისთვის „მობი ფეის“ ბაზრიდან გასვლის მიზეზი უცნობია:

 

„ჩვენ ვასრულებდით შეკვეთებს. შესაბამის სავაჭრო ობიექტებზე იყვნენ ჩვენი კონსულტანტები და „მობი ფეის“ გაყიდვებს ახორციელებდნენ. ზუსტი ინფორმაცია – კომპანიის დახურვა რატომ მოხდა, არ მაქვს. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის მაისის ჩათვლით ჩვენ ვიყავით „მობი ფეის“ კონტრაქტორი“, – ამბობს ნიკა ორთოძე.  

 

„მობი ფეის“ მარკეტინგის მენეჯერმა ირინა ჯავახაძემ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ  კომპანია“მობი ფეიმ“ საქმიანობა შეაჩერა. კომპანიის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვების დეტალებზე „მობი ფეის“ მარკეტინგის მენეჯერი არ საუბრობს. 

 

„ნეტგაზეთი“  კომპანია „ჯეოსელის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა. ირმა ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „მობი ფეის“ ბაზრიდან გასვლის მიზეზების შესახებ „ჯეოსელი“ ოფიციალურ პრესრელიზს გაავრცელებს.     

 

კომპანია „მობი ფეი“ ამერიკული კომპანია „ოუფენ რევოლუშენი“ და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის  განხორციელებაც და საქართველოში მობილური გადახდის საერთაშორისო ქსელის დანერგვა 2010 წლის სექტემბრიდან  დაიწყო. მხარეებს შორის ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა.

 

“მობი ფეის” საშუალებით მომხმარებელს შეეძლო  თანხის გადარიცხვა კომპანიის აბონენტებს შორის. გარდა ამისა, აბონენტი კომუნალური გადასახადების, ნებისმიერი ნივთის ღირებულების გადახდას და თითქმის ყველა ფინანსურ ოპერაციას უფრო სწრაფად, დაცულად და იოლად მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა. “მობი ფეი” პირველი მულტინაციონალური ქსელი იყო საქართველოში, რომელიც ფინანსური სერვისებისთვის მობილურ ტელეფონს იყენებდა.

 

საქართველოს გარდა, „მობი ფეი“ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი