
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო “საქართველოს რკინიგზის” აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ ოფიცილურ განცხადებას ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას აწარმოებს, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით “საქართველოს რკინიგზის” არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა.
“ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25 პროცენტის განთავსება იგეგმება. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ “საქართველოს რკინიგზის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება. ასევე, კომპანიის მართვის საკითხში არსებითად არაფერი იცვლება,” – ნათქვამია სამინისტროს ოფიცილურ განცხადებაში.
“საქართველოს რკინიგზის“ 25– პროცენტიანი წილის შემცველი აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია “როიტერმა” გუშინ, 16 მაისს გაავრცელა. როიტერის ცნობით, ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” გასაყიდი აქციების წილის ღირებულება 200-დან 250 მილიონ აშშ დოლარამდეა. გარიგება ლონდობის საფონდო ბირჟაზე 24 მაისს დაიწყება.
“საქართველოს რკინიგზა“ „როიტერის“ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. კომპანიის პესსამსახური ირმა სტეფნაძე ამბობს, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესშია.
საერთაშორისო ბაზარზე უკვე ორი ქართული კომპანიის ფასიანი ქაღალდი ბრუნავს – “საქართველოს ბანკის” აქციები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 250 მილიონი დოლარის ნომინალის ხუთწლიანი ობლიგაციები.
ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული ობლიგაციები, რომლებიც მთავრობამ 2008 წელს გამოუშვა. მალე ამ ნუსხას “საქართველოს რკინიგზის” ობლიგაციებიც დაემატება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მსხვილი კომპნიების აქციების გატანას ბირჟებზე არსებული რთული მდგომარეობის გამო არ ჩქარობდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასხვისდება მხოლოდ მინოტარული პაკეტები. არც ერთი კომპანიის მენეჯმენტი არ გადაეცემა სხვას და აქციების უმრავლესობაც სახელმწიფო მფლობელობაში დარჩება.





