ეკონომიკა

ჯაბა ებანოიძე: „შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს კოდექსის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ ექნებათ“

19 მაისი, 2012 •
ჯაბა ებანოიძე: „შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს კოდექსის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ ექნებათ“

შემოსავლების სამასხური და საქართველოს “საკანონმდებლო მაცნე” ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებები“ ახორცელებს. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ დღეს შედგა, რომელსაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და „საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური ესწრებოდა.   

„საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდის მომხმარებელს უკვე შეუძლია იხილოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლები, კომენტარებით და მუხლებთან დაკავშირებული დოკუმენტებით.   

 „საგადასახადო კოდექსს ვებგვერდზე თან ერთვის ყველა ის დოკუმენტი (ფინანსთა მინისტრის ბრძანება, მთავრობის დადგენილება), რომელიც დაკავშირებულია გადასაახდებთან და სხვა საგადასახადო საკითხებთან. შესაბამისად მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვა დოკუმენტების ძებნა“ – განაცხადა პრეზენტაციაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ჯაბა ებანოიძემ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით,  ეს ინიციატივა მისი უწყების თანამშრომლებს საგადასახადო კოდექსის მუხლების ინტერპრეტაციის საშუალებას მოუსპობს. „საკანონმდებლო მაცნეს“ საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარებს  შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის თანამშრომლებისათვის კანონის ძალა ექნება. ისინი მეწარმესთან საგადასახადო კოდექსის სადავო მუხლის არსებობის შემთხვევაში, განმარტების გაკეთებისას ამ კომენტარებით ისარგებლებენ.

 ჯაბა ებანოიძის განმარტებით, ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი: „შეიქმნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების  მომზადების საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან როგორც უწყების თანამშრომლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, გადამხდელები. საგადასახადო კოდექსის თითოეული მუხლის განმარტება მათი უშუალო მონაწილეობით ხდება“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის უფროსი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი