ეკონომიკა

თბილისის მერია ზარალს ითვლის

19 მაისი, 2012 • 1047
თბილისის მერია ზარალს ითვლის

თბილისში 12 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დროსათვის ჯერ არ არის ცნობილი. როგორც „ნეტგაზეთს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ზარალის რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული 11 ოჯახი ბინით უკვე დაკმაყოფილდა და ქირას ქალაქის მთავრობა გადაიხდის. ასევე, ქალაქის მერია დაფარავს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ხუთი ადამიანის დაკრძალვის ხარჯებს.

მერია 11 ოჯახს ბინის ქირას იმ დრომდე გადაუხდის, ვიდრე მათი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია არ დასრულდება. ამ დროისათვის დაზარალებულთა ბინებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 12 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად ყველა დაზარალებულის საცხოვრებელი  სახლის მდგომარეობის შესწავლა მოხდება. დაზარალებულებს დახმარებას რაიონული გამგეობების დონეზე აღმოუჩენენ. თუმცა, რა თანხა გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან ზარალის სრულად ასანაზღაურებლად, თბილისის მერიაში ზუსტ ციფრს ვერ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, ორთაჭალის დასახლებაში ნახევარსაათიანი წვიმის შემდეგ ძლიერი ღვარცოფი მოულოდნელად მოვარდა. არხი, რომელიც კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური წყალსაცავიდან მდინარე მტკვარს უკავშირდება, 12 მაისს, 21.20 საათიდან ძლიერმა წყალმა დააზიანა, რომელსაც გარშემო არსებული საცხოვრებლების დაზიანება და ნგრევა მოყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი