“ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ერთი კვირის წინ შეხვდა კახაბერ ვარდუკაძეს, რომელიც „27 კილოგრამი ოქროს საქმეში” ფიგურირებს.
„27 კილოგრამი ოქროს საკითხზე განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერაფერს შევცვლი. ვარდუკაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება დევს. ვარდუკაძე „27 კილოგრამი ოქროს“ საქმეში ფიგურირებს,“ – ამბობს ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილის თქმით, საქმეში აღარებითი ჩვენების არსებობის ფაქტი „ქართუ ბანკში“ ვიზიტისას მასთან საუბარში ვარდუკაძემაც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მისგან ჩვენების მიღება ზეწოლის და მუქარის შედეგად მოხდა.
„მე ვუთხარი ვარდუკაძეს, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მას ძალოვანებისთვის უნდა განეცხადებინა. მან მადლობა გადამიხადა, ქათინაურები მითხრა და წავიდა. ახლა კი პრესკონფერენცია გამართა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო“, – ამბობს ჯავახიშვილი.
კახაბერ ვარდუკაძე ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკს” 27 კგ ოქროს მითვისებაში ადანაშაულებს. ვარდუკაძემ გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა.
ვარდუკაძის თქმით, მას ჰქონდა სალომბარდო ბიზნესი და 2002 წელს “ქართუ ბანკთან” გირავნობის ხელშეკრულება გააფორმა. ვარდუკაძეს ბანკ “ქართუს” ლომბარდში ოქრო შეჰქონდა, სანაცვლოდ კი შესაბამისი თანხები გამოჰქონდა, რომელთაც კლიენტებზე გასცემდა.
ვარდუკაძე აცხადებს, რომ 2003 წელს ბანკში მის მიერ შეტანილი ოქრო დაიკარგა, რის საფუძველზეც პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„2008 წლის 13 ივნისს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართუს” ჩემს სასარგებლოდ 266 585 აშშ დოლარის 5 დღეში გადახდა დაეკისრა. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე ბანკის ორმა პასუხისმგებელმა პირმა – მიქაბერიძემ და ფურცხვანიძემ –ცრუ აღიარებითი ჩვენება მისცეს და განაცხადეს, თითქოს მათ ჩემი თანამონაწილეობით ჩემ მიერ ბანკში შეტანილი 27 კგ ოქრო მიითვისეს, საიდანაც ოქროს 60% მათ აიღეს, 40% კი მე დამიბრუნეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა ვარდუკაძემ.
აღიარებითი ჩვენების შემედგ აღნიშნული პირები 1 დღეში გაასამართლეს. მხარეებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და დამნაშავეები 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.