აპრილის ბოლოს თბილისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრების ვიზიტი იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით 2013 წელს დაგეგმილი ტვირთბრუნვის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, „ოთხმხრივი შეხვედრა უკვე დაგეგმილია და მასზე განხილული იქნება რეგიონის სატრანსპორტო პერსპექტივები. პირველ რიგში კი, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთების გადაზიდვის სქემები. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს რეგიონის ქვეყნებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ევროპიდან აზიაში სატრანსპორტო გადაზიდვების სოლიდურად გაზრდა“. მისი თქმით, 2013 წლისათვის სარკინიგზო მაგისტრალი უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს და სრული დატვირთვით ამუშავდება.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში 105 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზი შენდება, 75 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე, 29 კილომეტრი კი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. სატრანსპორტო კორიდორის მაქსიმალური გამტარიანობა 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კილომეტრი.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მასშტაბური პროექტის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მთავარი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მაგისტრალის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით 2013 წლის ბოლოს გაივლის. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი პარამეტრებით საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდება – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.