ეკონომიკა

კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს

2 აპრილი, 2012 •
კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით)  0.4 პროცენტით, ანუ 27.2 მლნ ლარით გაიზარდა.

ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 7.7 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.7 პროცენტით, ანუ 41.1 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.3 პროცენტით, ანუ 13.9 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2012 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 830.8 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.5 პროცენტით ანუ 43.6 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.8 პროცენტით ანუ 28.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის იანვართან შედარებით, 2012 თებერვალში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 12.6 პროცენტით, ანუ 280.3 მლნ ლარით შემცირდა და 1.9 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი მარტისათვის 880.1 მლნ ლარით განისაზღვრა (21.9 პროცენტით ანუ 158.4 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.1 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 425.3 მლნ ლარია (9.0 პროცენტით, ანუ  35.2 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2012 წლის თებერვლის განმავლობაში 1.9 პროცენტით, ანუ 60.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის  3.2 მლრდ ლარს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი