ეკონომიკა

ელექტრონული მარკირება მინერალური წყლებისთვის

8 თებერვალი, 2012 • 1902
ელექტრონული მარკირება მინერალური წყლებისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციზურ საქონელზე მონიტორინგს ამკაცრებს. ეს უწყება აქციზური მარკების მართვის ელექტრონულ სისტემას ნერგავს. შესაბამის აპარატურას შემოსავლების სამსახურს ტენდერში გამარჯვებული შვეიცარიული კომპანია “SICPA Security Solutions SA” მიაწვდის.

აქციზური საქონლის გარდა მინერალური წყლების და ლიმონათის მარკირებაც იგეგმება. შემოსავლების სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, მყისიერად   ონლაინ რეჟიმში ვაკონტროლოთ, თუ რომელმა კომპანიამ რა ტიპის და რა რაოდენობით პროდუქცია აწარმოა და რა მოცულობით  შევიდა ბაზარზე“ –ამბობს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი ხდება აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდური და უშუალო მარკირების განხორციელება; მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა; ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობა; სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლი, მონიტორინგი; ადგილობრივ საწარმოებში საწარმოო წუნის აღრიცხვა–შემცირება; მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან.

შვეიცარიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც დაიტანება მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას აკონტროლებს კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია.

შემოსავლების სამსახურის ახალ ინიციატივას ბიზნესი დუმილით ხვდება. კომპანია „ყაზბეგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა სხიერელი „ნეტაგზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „პროდუქციის მარკირება ხდება აღრიცხვისთვის. იმისთვის, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის აღკვეთა მოხდეს ბაზრიდან. ხელსაწყოს,  როგორც ვიცი, მეწარმეს  უფასოდ გადასცემენ  და ეს მწარმოებლისთვის პრობლემას არ ქმნის“.

თეა სხიერელის განმარტებით, თუ  ლიმონათზე და მინერალურ წყალზე,  მარკირების გარდა, აქციზურ მარკას დააკრავენ, ამ პროდუქტის ფასი გაიზრდება.

„საწარმოში ელექტრონული მარკირების აპარატის დადგმა ბიზნესისთვის უფასო იქნება და მეწარმეს მისი ღირებულების გადახდა არ მოუწევს.1000 ცალ პროდუქტზე საშუალოდ მარკირების ღირებულება 5 ევრო იქნება, რაც რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით თითქმის 2-ჯერ და 3-ჯერ იაფია,“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფასიანი მარკირების შემოღების შემთხვევაში, პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავენ მინერალური წყლების და ლიმონათის მწარმოებელ კომპანიებში. მათი თქმით, მარკირება აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება და ნაკლებად არის გათვლილი ფალსიფიკაციის  შემცირეაბზე.

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით”– ის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აქციზური პროდუქცის მარკირებას და მინერალური წყლების და ლიმონათის აქციზით შესაძლო დაბეგვრას საგადასახადო ადმინისტრიების გამკაცრებას და  უფრო მეტი შემოსავლის მობილიზებას უკავშირებს. „აქციზი და მარკირება ყველა ქვეყანას შემოაქვს იმისთვის, რომ მოხდეს შემოსავლების ზრდა ბიუჯეტში. გაზრდილი  ბიუჯეტის შევსება მოხდება აქციზური მარკების შემოსავლების და მარკირების ხარჯზე. მინერალური წყლების და ლიმონათის სეგმენტის ექსპორტი მზარდია. მთლიანობაში ეს ბაზარი საკმაოდ მოცულობითია, როგორც ჩანს არის რესურსი, რომ გაცილებით მეტი თანხის მობილიზება მოხდეს ბიუჯეტში. თანაც 2012 საარჩევნო წელია და ცოტა მეტი ხარჯები აქვს ბიუჯეტს, ვიდრე 2011–ში იყო. შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა პროდუქციას გააძვირებს,“ – ამბობს ლექვინაძე.

ლექვინაძის განმარტებით, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მინერალური წყლების ინდუსტრია აქციზის გადასახადისაგან და მარკირებისაგან თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი