ეკონომიკა

გილაური ილჰამ ალიევსა და გიუნტერ ოტინგერს შეხვდა

27 იანვარი, 2012 • 1490
გილაური ილჰამ ალიევსა და გიუნტერ ოტინგერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და  ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერს შეხვდა.

გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან, თურქეთთან და ბულგარეთთან   ერთიანი ენერგეტიკული ქსელის შექმნის საკითხით. მისი თქმით, ენერგეტიკა ერთ–ერთი საკვანძო საკითხია საქართველოსა და ევროკავშირს შორის  თანამშრომლობის სფეროში.

”საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა რეგიონში. ამდენად, ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს და იმუშაოს ოფიციალურ თბილისთან ერთიანი ენერგეტიკული ქსელის შექმნაზე, რომელიც ყველა აღნიშნული ქვეყნისათვის მომგებიანი იქნება.”

ნიკა გილაურის განცხადებით, ალიევთან და ოტინგერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო “აგრი” პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გაზის ტრანზიტს ითვალისწინებს. მისი თქმით, ამ პროექტის მიმართ ევროკავშირის დიდი დაინტერესებაა. საქართველოში უახლოეს თვეებში კონფერენცია იგეგმება, სადაც მოწვეული იქნება პროექტის ყველა მონაწილე – აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. შესაძლოა, კონფერენციაში მონაწილეობა  უკრაინამ, შუა აზიისა და ევროკავშირის ქვეყნებმაც მიიღონ.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველო ხუთი წელია დავოსში წარმოდგენილი არ ყოფილა და წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსადმი ძალიან დიდი ყურადღება იგრძნობა. ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია გილაურის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილოებას მიიღებს კონგრეს-ცენტრში გამართულ ინტერაქტიულ სესიაში – “კორუფცია და გამჭვირვალობა”, მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაში, თემაზე: “GAC-ის როლი გადაწყვეტილებათა გლობალურ მიღებაში” და სამუშაო სადილში “Moving into 2012”.

მასალების გადაბეჭდვის წესი