ეკონომიკა

ხელისუფლება და ოფშორი

18 ნოემბერი, 2011 • 1372
ხელისუფლება და ოფშორი
ლევან ვარშალომიძემ 2010 წლის 30 მარტს იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანიას შეღავათიან ფასაფ მიჰყიდა მიწა ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლში, 1 კვადრატული მეტრი 70 ამერიკულ დოლარად შეუფასა. ამ კომპანიას, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ვარშალომიძემ ასევე 30 მარტს მიჰყიდა ბათუმის ფოსტის შენობაც, შეფასებულზე ორნახევარჯერ იაფად.

შპს “აქთივ ბათუმმა” სახელმწიფო რეგისტრაცია 2010 წლის 30 მარტს გაიარა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ იმავე დღეს აჭარის მთავრობისგან რამდენიმემილიონიანი ქონება მიიღო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, “აქთივ ბათუმს” პირდაპირი მიყიდვის წესით, 6 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ფოსტის შენობა 2,500.000 დოლარად გადასცეს. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომაც კომპანიის რეგისტრაციის დღეს, 30 მარტს გასცა (#3/133 ბრძანება). ეს ნებართვა ქართული კანონმდებლობით საკმაოდ რთული მოსაპოვებელია.
ბათუმის ფოსტის შენობა არ არის ერთადერთი ქონება, რაც “აქთივ ბათუმმა” 30 მარტს მიიღო საქართველოში. იმავე დღეს აჭარის მთავრობამ “აქთივ ბათუმს” ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, 7.007 კვადრატული მეტრი მიწაც გადასცა. ქონება ქალაქის საკუთრებაა. მთავრობას ეს ნაკვეთი 2.207.205 ლარად ჰქონდა შეფასებული. “აქთივ ბათუმს” ამ შემთხვევაშიც გაუმართლა _ მიწა შეღავათიან ფასად, 500 000 დოლარად გადასცეს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 40-სართულიანი დასასვენებელი კომპლექსი უნდა ააშენოს.
“აქთივ ბათუმი” ყოფილი ფოსტის შენობის ეზოშიც მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, მემედ აბაშიძის გამზირზე კომპანიის მიერ გამოფენილ ბანერებზე ასეა მოცემული. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი “აქთივ ბათუმი” სასტუმროსა და კაზინოს გახსნის ბათუმის ცენტრში.
ორივე პროექტის განხორციელებაში “აქთივ ბათუმი” 30 მილიონ დოლარზე მეტ თანხას დახარჯავს.
აჭარის ხელისუფლებამ კომპანიას საჩუქარიც გაუკეთა _ ბულვარში უსასყიდლოდ გადასცა 1.127 კვადრატული მეტრი მიწა. აქ იდგა კაფე-ბარი “ბუნგალო”, რომელიც ადრე ასლან აბაშიძის შვილის, გიორგი აბაშიძის საკუთრება იყო, მოგვიანებით კი მას განკარგავდა თაკო დოლაბერიძე. თაკო დოლაბერიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას მეგობარია.
ლევან ვარშალომიძეს კანონით აქვს უფლება, აჭარის ქონება, თავისი შეხედულებისამებრ, გააჩუქოს ან გაყიდოს. თუმცა ბულვარში 7.007 კვადრატული მეტრი მიწის გაცემის დროს მან კანონი მაინც დაარღვია, რაც დოკუმენტურადაც მტკიცდება:
ქონება, რომელიც ერთ დღეში დაარსებულმა კომპანიამ იყიდა, ქალაქ ბათუმის საკუთრება იყო. შესაბამისად, ამ ქონების, ანუ ბულვარში მიწის გაყიდვის უფლება ლევან ვარშალომიძეს მანამდე არ ჰქონდა, ვიდრე ბათუმის საკრებულო ამ მიწას ოფიციალურად არ გადასცემდა აჭარის მთავრობას. აჭარის მთავრობა კი ბათუმის საკრებულოს ნებართვას არ დალოდებია: მან 7.007 კვადრატული მეტრი მიწა ბათუმის ბულვარში “აქთივ ბათუმს” 2010 წლის 30 მარტს მისცა, ბათუმის საკრებულოს კი ამ მიწის გაყიდვის თხოვნით მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ 2010 წლის 15 ივნისს მისწერა ბათუმის საკრებულოს: “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2010 წლის 30 მარტს შემოვიდა შპს “აქთივ ბათუმის” წერილი, რომლითაც საზოგადოება გამოთქვამს სურვილს, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინოს…” და ჩამოთვლილია სხვადასხვა ქონება. საკრებულომ აჭარის მთავრობის ეს მოთხოვნა 2010 წლის 30 ივნისს დააკმაყოფილა.
ვინ არის შპს “აქთივ ბათუმი”?
კომპანიის იურისტის, დავით ჯაიანის განცხადებით, “აქტივ ბათუმის” პარტნიორი არის ლიხტენშტეინში არსებულ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “ირადა”: “აქციონერებს ძირითადად მეც არ ვიცნობ, ერთ-ერთი პარტნიორი არის თურქი, მისი სახელი და გვარი არ ვიცი. მე მხოლოდ მეჰმეთ აქთაშის ვიცნობ, რომელიც აქთივ ბათუმის წარმომადგენელია”.
დავით ჯაიანის განცხადებით, “აქთივ ბათუმის” კომპანიონები, ძირითადად, “ჭორლდ ოფ Pრინცეს”-ის სასტუმროების ქსელის მეპატრონეები არიან.
კითხვაზე,  ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვისი მოწვევით შემოვიდა ეს კომპანია ბათუმში, დავით ჯაიანი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტორებს საგადასახადო სისტემა იზიდავთ: “გამარტივებულია ფირმების რეგისტრაცია, ნებართვების აღება და ა.შ”.
რატომ არის ხელისუფლება ოფშორული ფულის მიმართ ხელგაშლილი, რატომ უცხადებს დიდ ნდობას ამ ფულს, მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ კერძო მოქალაქის პირად ანგარიშზე დარიცხული თანხის გაკონტროლებაც კი დაიწყო “სახელმწიფო უსაფრთხოების” მოტივით (შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის)? არსებობს თუ არა გარანტიები, რომ ოფშორული ზონებიდან შემოსული ფული საქართველოსთვის უსაფრთხოა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით?
“ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მოღვაწეობა კანონით არ არის აკრძალული. ფულის გათეთრებასა და რაიმე უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ეროვნულ ბანკსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს, რადგან მათ აქვთ შესაბამისი კონტროლის მექანიზმი”, _ აცხადებს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსი, მირიან ლებანიძე.
ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით კი “ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების შემოშვებით ხელისუფლება ასრულებს არა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ამოცანას, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს ყველა ინსტრუმენტს _ კანონმდებლობას, ადმინისტრირებასა და სპეცსაშუალებებს. ის ცდილობს, გააკონტროლოს ყველა ფინანსური ნაკადი, რომ მას არ შეუქმნას რაიმემ საფრთხე. თუმცა თვითონ ძალიან კარგად ახერხებს აბსოლუტურად გაურკვეველი კაპიტალით მანიპულირებას”.
გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება ხელგაშლილია არა ოფშორის, არამედ    მისი მექანიზმების მიმართ: “ხელისუფლება ამბობს “სახელმწიფო უსაფრთხოებას”, მაგრამ გულისხმობს თავის თავს”.
ექსპერტის აზრით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების უკან, დიდი ალბათობით, ხელისუფლება დგას: “ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების თემა რომ აწუხებდეს, არ გვექნებოდა ოფშორული ფული მედიაში, რაც წარმოუდგენელია. ოფშორული ფული მედიაში ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური თემა, არამედ საინფორმაციო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უშიშროების თემაცაა”.
ტელეკომპანიების _ “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის წილების მფლობელი კომპანიებიც სწორედ ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი