ეკონომიკა

ახალი ინვესტორები ნავთობის სექტორში

11 ნოემბერი, 2011 • 1187
ახალი ინვესტორები ნავთობის სექტორში

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა“ და რამდენიმე საინვესტიციო კომპანიას შორის ნავთობის სალიცენზიო ბლოკებზე ძებნა–ძიებისა და მოპოვების სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულებები გაფორმდება.

VII-B სალიცენზიო ბლოკზე ხელშეკრულება ინდურ კომპანიასთან „ვექტრა ინვესთმენტ პრაივით ლიმითედი“ მოეწერება, რომელმაც საქმიანობის უფლება მიმდინარე წლის 28 იანვარს გამართულ საერთაშორისო ტენდერზე შეიძინა.

ამავე ტენდერზე XI-G სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის ძებნა–ძიებისა და მოპოვების  ლიცენზია ბრიტანულ–ავსტრალიურ კომპანიამ „ტრანს ატლანტიკ ინკორპორეიშენი“ მოიპოვა, ხოლო  VIII სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება ასევე ბრიტანულ–ავსტრალიურ კომპანიას „სტრეიტ ოილ ენდ გეს (აჭარა) ლიმითედსი“, ხოლო XI-A სალიცენზიო ბლოკზე „საქართვლოს ნავთობის კორპორაციას“ გადაეცა.

ხელშეკრულებებს ხელს „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე გიორგი ტატიშვილი, „სტრეიტ ოილ ენდ გეს (აჭარა) ლიმითედის“ დირექტორი ალან ჰითჩინსი, „ტრანს ატლანტიკ ინკორპორეიშენის“ დირექტორი გრიგოლ ჯორბენაძე და „ვექტრა ინვესთმენტზ პრაივით ლიმითიდის“ ვიცე პრეზიდენტი ანდი ანდოტრა მოაწერენ.

XI-A სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის ძიება–მოპოვებაზე „ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა“ და „საქართველოს ნავთობის კონსორციუმს“  შორის ხელშეკრულება მომავალ კვირას გაფორმდება.

სალიცენზიო ბლოკები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის  აჭარის რეგიონშიც მდებარეობს. თითოეული ლიცენზიის მოქმედების ვადა 25 წლით განისაზღვრა. სამინისტროსა და ინვესტორებს შორის შეთანხმებით, ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ სახელმწიფო ბონუსის სახით 7,044  მლნ აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სალიცენზიო ბლოკებზე სამუშაოებში დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი