ეკონომიკა

თბილისში საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა

10 ნოემბერი, 2011 • 1057
თბილისში საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა

საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმი სასტუმროში „თბილისი–მარიოტში“ დღეს დასრულდა.

ფორუმი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონას გარ სთორმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ყაველაშვილმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა, მხარეებმა ენერგეტიკული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

ნორვეგიის დელეგაციის გარდა, შეხვედრას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონას გარ სთორი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 9 ნოემბერს ეწვია. დელეგაციაში ნორვეგიის სამთავრობო სტრუქტურებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები შედიან. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ოთხშაბათს „ჟინვალჰესი“ დაათვალიერა.

ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს ნორვეგიული კომპანია „კლინ ენერჯი ინვესტი“ ახორციელებს. კომპანია მდინარე აჭარისწყალზე 175 მგვტ დადგმული სიმძალავრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადს აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოსა და ნორვეგიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხემბას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იონას გარ სტორე მოაწერენ ხელს.  შეთანხმება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფორმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი