ეკონომიკა

განსხვავებული შეფასებები მზარდი საგარეო ვალის შესახებ

10 ნოემბერი, 2011 • 1492
განსხვავებული შეფასებები მზარდი საგარეო ვალის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 7 055 309 ლარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე არსებული ვალდებულებები საგარეო ვალის 10%–ია.

“საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი მაღალი საგარეო ვალი ჰქონდეს”, – აცხადებს ედვარდ გარდნერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლი საქართველოში.

სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 40%–ია. გარდნერის  მოსაზრებით, ეს მაჩვენებელი კრიზისული არ არის, მაგრამ მის შესამცირებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება აუცილებელია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი კოვზანაძე ედვარდ გარდნერის შეფასებას გადაჭარბებულს უწოდებს:

„საგარეო ვალთან დაკავშირებით ზღვრულ ციფრად ჩვენი ტიპის ქვეყნებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტია მიჩნეული. ჩვენს შემთხვევაში, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს – ეს არის მშპ–ს 42 პროცენტი. ამ ეტაპზე  პროცესი სახიფათო არ არის, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მოხდეს საგარეო დავალიანების შემცირება, რაც უნდა მიიღწეოდეს  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით და ვალის დაფარვით“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური მრჩეველი, დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მაღალი მაჩვენებელია, როცა ქვეყნის საგარეო ვალის წილი მშპ–ს 40%–ს შეადგენს:

„შეიძლება  ბევრ ქვეყანას ვალი უფრო მეტი აქვს, მაგრამ ისინი ევროკავშირის ქვეყნები არიან და ბევრი სხვა კრიტერიუმი უმყარებს ზურგს. მაგალითად, აშშ–ს ვალი მშპ–სთან მიმართებაში 100 პროცენტზე მეტია, მაგრამ ეს ამ ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაღალ ვალს უნდა ვესწრაფოდეთ. სავალუტო ფონდი განგაშს ტეხს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა“.

გარდნერი ამბობს, რომ „საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია“, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობას ის გარემოება ამსუბუქებს, რომ ქვეყანას ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აქვს აღებული, რომელიც “მართვადია და სხვა ქვეყნების ბაზრებზე არ არის დამოკიდებული”.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალის 8% გერმანიაზე მოდის, 2% – იაპონიაზე, 2% – თურქეთზე, 2% – აშშ–ზე, 4% – ევროკავშირის ქვეყნებზე ნაწილდება.

საქართველოს საგარეო ვალის ყველაზე დიდი წილი – 40% მსოფლიო ბანკზე მოდის, ხოლო 21% – ევრობონდებზე.

2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ 500 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაციების ემისია განახორციელა ევროპის ბაზრებზე: მთავრობამ გადაფარა 2008 წლის ევროობლიგაციები 417 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საგარეო ვალი 83 მლნ დოლარით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წელს საქართველოს საგარეო ვალი მშპ–სთან მიმართებაში 21%–ს შეადგენდა, 2009 წელს – 31,4%–ს, 2010–ში – 38%–ს, 2011 წელს კი – 40 პროცენტამდე გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის შესამცირებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

„თუ საქართველოს რაიმე ეკონომიკური პრობლემა აქვს, ეს არ არის საგარეო ვალი. მშპ–ს 40 პროცენტი, ჩემი აზრით, მაღალი ვალია. ჩემი ნება რომ იყოს, ამხელა ვალს არ ვიქონიებდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის პრობლემა. თუ ამ ვალის სტრუქტურას განვიხილავთ, ერთი მილიარდი დოლარი – ევრობონდებია, ერთი მილიარდი დოლარი არის სავალუტო ფონდის, რომელიც, პრინციპში, საქართველოს არ სჭირდებოდა, მაგრამ, ასე  ვთქვათ, ძალით მოგვცეს ომის მერე და მინდა გითხრათ, რომ ამ კრედიტის მოცემის ინიციატორი იყო სავალუტო ფონდის რუსი დირექტორი“, – აცხადებს მიშა თავხელიძე, ჟურნალ „ტაბულას“ ეკონომიკური მიმომხილველი.

მისივე თქმით, ვალის მომსახურების ვალდებულება 2,5%–ია წელიწადში და საქართველოს ვალის გადახდის პრობლემა არ აქვს.

„კატასტროფული და კრიტიკული სიტუაცია არ არის, ამიტომ გარდნერის განცხადება ჩემთვის გაუგებარია,“ – აცხადებს თავხელიძე.

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს დავით ონოფრიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ვალდებულებაა – 2012 წლიდან საგარეო ვალის პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდა, რამაც ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

„2012 წლის ბიუჯეტში შიდა და გარე ვალის მომსახურებაზე 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ამ მოცულობის ბიუჯეტი განათლებაზე არ იხარჯება. საგულისხმოა ისიც, რომ აღებული ვალის გამოყენება ეფექტურად არ ხდება. ბოლო წლებში არ მომხდარა სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“ – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2012 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%–ან ზრდას პროგნოზირებს.

ამავე თემაზე:

საგარეო ვალი – საქართველოს მთავარი გამოწვევა

საგარეო ვალი – ვინ გადაიხდის?

მასალების გადაბეჭდვის წესი