ეკონომიკა

„ნუგეშმა“ ჯიხურების ახალ აუქციონშიც გაიმარჯვა

8 ნოემბერი, 2011 • 1897
„ნუგეშმა“ ჯიხურების ახალ აუქციონშიც გაიმარჯვა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო თბილისში ჯიხურების განთავსების შესახებ გამართულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებსა და კერძო პირებს არ ასახელებს. როგორც „ნეტგაზეთს“ ქონების მართვის სააგენტოს  პრესსამსახურში განუცხადეს, აუქციონში გამარჯვებული კომპანიების და პირების შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბერს გამოცხადებული პირველი აუქციონი ჩატარდა 7 ნოემბერს. აუქციონზე სულ გამოცხადებული იყო 50 ლოტი, ამათგან განაცხადი შემოტანილ იქნა 22 ლოტზე. 7 ლოტზე ვაჭრობა ჩატარდა კონკურენციის გარეშე, ხოლო დარჩენილ 15 ლოტზე კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. ვაჭრობის შედეგად ლოტებზე დაფიქსირდა შემდეგი თანხები: 1050, 1100, 1551, 1800, 2100, 4600, 5200, 9700, 10000, 10200, 10500, 12050, 12500, 19000, 22000, 25050, 36000 ლარი.

მომდევნო სარგებლობის უფლების აუქციონი გაიმართება 9 ნოემბერს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო ჯიხურების განსათავსებელ ფართებზე აუქციონს ყოველ ორშაბათს და პარასკევს აცხადებს. თითოეულ აუქციონზე გამოვა 50 ლოტი.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ნუგეში“ მონაწილეობდა. „ნუგეშის“ გენერალური დირექტორი შოთა ბასილაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ იმ 50 ადგილიდან, რომელიც ქალაქის მერიამ აუქციონზე გამოიტანა, „ნუგეშმა“ 6 პოზიციაზე გაიმარჯვა.

„44 ლიცენზიაზეც გვქონდა განაცხადი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წავაგეთ. გვინდოდა გაცილებით მეტი, მაგრამ აუქციონის ფასებს ვერ გავყევით. საიჯარო უფლება მოვიპოვეთ მხოლოდ  ექვს ადგილზე. მერიის მიერ გამოცხადებულ სხვა  აუქციონებშიც  მივიღებთ მონაწილეობას“, – აცხახდებს ბასილაშვილი.

შპს „ნუგეშის“ გენერალური დირექტორი აუქციონის წესით ექვს საიჯარო უფლებაზე გადახდილ თანხას არ ასახელებს. როგორც მან „ნეტგაზეთს“ განუმარტა: „ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელიც კომპანიის საკუთრებაა და ამის  გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. მერია გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს, ვინ გაიმარჯვა და რა თანხა გადაიხადა. გაცილებით დიდი თანხებით გაიმარჯვეს ფიზიკურმა პირებმა. 50 ადგილიდან მოვიგეთ ვაჟა–ფშაველას,  ყაზბეგის ქუჩაზე, დიღმის მასივში და მეტრო ავლაბართან განთავსებული საიჯარო ადგილები.

შოთა ბასილაშვილის განცხადებით, კომპანია მერიის საიტზე გამოქვეყნებული ჯიხურების სავარაუდო მაკეტებიდან ერთ–ერთს აარჩევს.  კომპანია პროფილს არ შეიცვლის და სავაჭრო ობიექტებში სურსათს გაყიდის.  ჯიხურებსაც აბრივიატურად „ნუგეში“ ექნება.  კომპანია დედაქალაქში 51 ჯიხურს და ორ სუპერმარკეტს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” თბილისის თითქმის ყველა უბანში 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა თავიდან მხოლოდ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეეძლოთ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი.

კომპანია 2010 წლის 18 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მისი იურიდული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აღნიშნული სავაჭრო ქსელს რამდენიმე მფლობელი ჰყავს: 60%–ს აკაკი ახვლედიანი ფლობს, 15,6%–ს – გოჩა დარჩიაშვილი, 10%–ს – გიგა ხვინგია, 9,15%–ს – უტა მაზიაშვილი და 5,25%–ს – ვლადიმერ დარჩიაშვილი.

2011 წლის 7 თებერვალს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მონახულებისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი: „მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ ამ ფასებს და მომდის ფასთა სხვაობა“.

შოთა ბასილაშვილი ამბობს, რომ შპს „ნუგეშს“ ქალაქის მერთან არანაირი კავშირი არ აქვს: „ბატონი მერი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, ბრენდის პრეზენტაციაზე შევაწუხეთ. გიგი უგულავა იმდენ პრეზენტაციას ატარებს, რომ გამოდის, მთელი თბილისი მხოლოდ მერიის ყოფილა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქალაქ თბილისის ტერიტორიზე გარევაჭრობაზე თანხმობის გაცემის საკითხი სამართლებრივად შეიწავლა. არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გახდა გიგი უგულაავს შესაბამისი განცხადების სამართლებრივი საფუძველი. ახალგაზრდა იურისტებს მერიიდან უპასუხეს, რომ „ქ. თბილისის მერიასა და შპს „ნუგეშს“ შორის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ნუგეში“ 2010 წლის 18 ივნისს დაფუძნდა, ხოლო  10 სექტემბერს ერთდროულად 83 მისამართზე,  გარევაჭრობის განხორცილების მიზნით, დროებითი შენობა–ნაგებობების განთავსების უფლება მიიღო. შპს „ნუგეშის“ სავაჭრო ჯიხურების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევამ, რომელიც 2009 წლის 24 მარტიდან 2011 წლის 14 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენა, რომ კომერციული ჯიხურების განთავსების რაოდენობრივ ჭრილში 11 კომპანია იკვეთება. პირველ ადგილზეა კომპანია შპს „უაიდ დისტრიბუშენი“– 185 ადგილით, მეორეზე შპს „ნუგეში“ – 85 ადგილით, ხოლო მესამეზე „აუთდორ.ჯი“– 50 ადგილით.

ამავე თემაზე:

აუქციონი თბილისში ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად

თბილისის მერიისგან პრივილეგირებული კომპანიები

სახელისუფლებო მონოპოლისტები

„ნუგეში“ უკვე ყველასათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი