ეკონომიკა

პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი შევიდა

7 ნოემბერი, 2011 • 1030
პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი შევიდა

 

პარლამენტი მიმდინარე კვირაში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვას დაიწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, განხილვების წინა ეტაპზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, პარლამენტშია შესული და კომიტეტებს და ფრაქციებს საშუალება აქვთ, დოკუმენტს მანამ გაეცნონ, სანამ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.

 

გიორგი წერეთელი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის 9–10 ნოემბერს დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

,,ამ კვირაში იმართება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი და საკმაოდ წარმომადგენლობითი საბჭო მუშაობას გამართავს საქართველოში, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გენერალური მდივანიც და სხვა ოფიციალური პირებიც კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა მოკლე ხანში ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ბიურომ 8–11 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრამდე  (1 აპრილის ნაცვლად) ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ გავრცელდება კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით.

პლენარული სხდომა პირველი მოსმენით განიხილავს  კანონპროექტს “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”.  კანონპროექტით განისაზღვრება ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები, უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია და სხვ.

მიმდინარე კვირაში დეპუტატები პლენარულ სხდომებზე სამოცზე მეტ საკითხის განიხილავენ. ხვალ, 8 ნოემბერს, პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი