ეკონომიკა

აუქციონი თბილისში ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად

7 ნოემბერი, 2011 • 1725
აუქციონი თბილისში ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად

 

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონი ხარვეზებით მიმდინარეობს.

 

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინა ხიდეშელი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მერიის საიტი ხარვეზებით მუშაობს და აუქციონის შედეგი  სამართლიანი ვერ იქნება:

„პრობლემა დილიდან შეიქმნა, რადგან ეს საიტი არ მუშაობს, უფრო სწორად, საათში მხოლოდ 5 წუთით ირთვება. თბილისის მერიის საიტზე არის სპეციალური ფანჯარა: სავაჭრო  ჯიხურები ქალაქის მასშტაბით. ამ წუთას შევედი  საიტზე, 10  წუთის წინ კი საიტზე შესვალა შეუძლებელი იყო.“

ხიდაშელის თქმით, პრობლემა ის არის, რომ როცა სისტემა ხარვეზით მუშაობს, ადამიანები, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ფული გადახდილი, ამ პროცესს თვალს ადევნებენ, რადგან მიდის ფასის კორექცია.

„როცა ითიშება საიტი, უბრალოდ, შეიძლება სისტემიდან ამოგაგდოს და აღმოაჩინო, რომ 500 ლარი გაქვს შეტანილი და ელოდები ფასს – 1000 ლარს, ამასობაში ფასი 8 ათასი ლარი გახდა. ამ დროს არ გაქვს შესაძლებლობა, რომ აუქციონში მონაწილეობა გააგრძელო,“– ამბობს ხიდაშელი.

როგორც “რესპულიკური პარტიის” ლიდერი განმარტავს, მას ამ პრობლემის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა მიმართა.

„პრობლემები შეექმნათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. აუქციონში განაცხადის ფასი 500 ლარია. როცა ვერ აკონტროლებ აუქციონს, შესაბამისად, ვერც მოიგებ, რაც მთლად ობიექტური მიზეზებით არ შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. რადგან ქალაქის მერიას არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ საიტმა უხარვეზოდ იმუშაოს. დაუჯერებელი ამბავია, როცა ხალხი ამდენ ფულს  ხარჯავს პიარზე, შემდეგ კი ამბობს, რომ აუქციონის ხარვეზებით მიმდინარეობის ობიექტური მიზეზი გადატვირთული სერვერია,“–  ამბობს ხიდაშელი.

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამარ დვალი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ აუქციონი დათქმულ დროს დაიწყო და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

„ონლაინ აუქციონი მიმდინარეობს, დღეს 50 ადგილი არის გატანილი და პროცესი საღამოს 6 სათზე დამთავრდება. ძალიან ბევრი მსურველია და დაინტერესება დიდია. რამდენი ჯიხური  გაიცემა იჯარით და რამდენ ლიცენზიაზე აიწევს თანხა, 18:00 საათისთვის გახდება ცნობილი.  საწყისი თანხა 1000 ლარია, ხოლო აუქციონის ბიჯი 50 ლარი,“– ამბობს დვალი.

მერია სავაჭრო ჯიხურების განთავსებას თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ადგილას გეგმავს. თბილისში მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად 4 აუქციონია ჩანიშნული. 4 აუქციონის შედეგად, რომლებიც 7, 9, 15 და 16 ნოემბერს გაიმართება, სულ 223 ფართია გამოტანილი, სადაც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მეწარმეები ჯიხურების დადგმას 5 წლის ვადით შეძლებენ. სავაჭრო ჯიხურებისთვის განკუთვნილი ფართები 3-12 კვ.მ-ია. ფართზე უფლების მიღების საწყისი ფასი 1000 ლარით, “ბიჯი” კი 50 ლარით განისაზღვრა.

გამარჯვებულმა მეწარმემ ადგილზე მერიის მიერ შეთავაზებული ჯიხურების 10 პროექტიდან ერთ-ერთი უნდა დაამონტაჟოს. მეიჯარემ თანხა 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი