ეკონომიკა

საქართველოში ”იორდანიის სამეფო ავიახაზები” შემოდის

27 ოქტომბერი, 2011 •
საქართველოში  ”იორდანიის სამეფო ავიახაზები” შემოდის

”იორდანიის სამეფო ავიახაზები” 2012 წლის აპრილიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას გეგმავს.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ტრანსპორტის მინისტრ მოჰამად ქუდას ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვდა.  შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და საქმიანი კონტაქტების გააქტიურებას.

იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა შეთანხმება  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს მხრიდან მას ხელი მოაწერა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  მაია სიდამონიძემ.  გაიმართა შეხვედრები ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც  საქართველოში იორდანული ტუროპერატორების ჩამოსვლა გადაწყდა..

საქართველოს დელეგაცია იორდანიაში ასევე გამართავს შეხვედრებს ამ ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და მსხვილი გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებელ პირებთან. დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობს,  კატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი