ეკონომიკა

ბანკი “ქართუ” ეროვნულ ბანკს ზეწოლაში ადანაშაულებს

3 ნოემბერი, 2011 • 1109
ბანკი “ქართუ” ეროვნულ ბანკს ზეწოლაში ადანაშაულებს
„ბანკი ქართუ“ სამეთვალყურეო საბჭომ 3 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ “გრძელდება სს „ბანკ ქართუ“–ზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიზანია შექმნას რაიმე, თუნდაც აბსოლუტურად უსაფუძვლო საბაბი ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსაყვანად”.

“ბანკ ქართუს”  განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის “ერთი შეხედვით მხარდამჭერი განცხადებები, რომლითაც ეროვნული ბანკი სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას კომერციულ ბანკს”.

“ქართუს” სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნოდარ ჯავახიშვილის ცნობით, ეროვნული ბანკი მათ ანგარიშგებებს ყოველდღიურად აანალიზებს და ამ ბაზაზე, ყველაზე უკეთ მოეხსენება, რომ ასეთი სახის დახმარებას სს „ბანკი ქართუ“ ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ საჭიროებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი შეგნებულად უკეთებს იგნორირებას კომერციული ბანკის ნებისმიერ სამართლიან მოთხოვნას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბანკის მდგრადობის უზრუნველყოფას და უპირველესად უკავშირდება ბანკის სრულიად უსაფუძვლოდ და უპრეცენდენტო ძალადობით შელახული სახელისა და იმიჯის აღდგენასა, თუ უკანონოდ ჩამორთმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრების დაბრუნებას”, ნათქვამია განცხადებაში.

ბანკის ცნობით, 2 ნოემბერს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებმა მოითხოვეს დეტალური პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი,პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი და თანხა) ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელთაც გამოხატეს ყოვლისა ბანკისადმი მორალური მხარდაჭერა და გახსნეს ანგარიშები ბანკ “ქართუში”. ამ ფაქტს “ქართუ” კლიენტებზე ზეწოლად აფასებს.

სს „ბანკი ქართუ“–ს ხელმძღვანელობა დაბეჯითებით გამოთქვამს მზადყოფნას,  კონსტრუქციულად, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრულ შესაბამისობაში ითანამშრომლოს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, მათ შორის შემმოწმებელთა ჯგუფისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი