ეკონომიკა

ლიზინგით გაცემული ქონების დაბეგვრის წესი იცვლება

25 ოქტომბერი, 2011 • 1892
ლიზინგით გაცემული ქონების დაბეგვრის წესი იცვლება

ლიზინგით გაცემული ქონების დაბეგვრის წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილების შეტანა საგადასახადო კოდექსში იგეგმება. ცვლილებების ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველს ეკონომიკური საკითხებში ვაჟა პეტრიაშვილს ეკუთვნის. ცვლილებების პაკეტი პრემიერის თანაშემწემ ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას წარუდგინა. პროექტზე ბიზნეს–ასოციაციაშიც იმსჯელებენ,  შემდეგ კი ცვლილებათა პაკეტი განსახილველად პარლამენტში შევა.

ვაჟა პეტრიაშვილმა „ნეტგაზეთს“განუმარტა, რომ ამ ცვლილებების შედეგად სალიზინგო კომპანიების საქმიანობის პირობები უმჯობესდება. სალიზინგო კომპანიებს დაბეგვრის და აღრიცხვების მექანიზმები უმარტივდებათ.

„სალიზინგო კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, მოგების გადახდის გადავადება მოახდინონ. საერთაშორისო პრაქტიკით, როდესაც ლიზინგით გადაეცემა ლიზინგის მიმღებს საგანი, ხდება  მთლიანი ღირებულების დაბეგვრა. ცვლილებების თანახმად, ლიზინგის საგანი დაიბეგრება, მაგრამ ქირის  გადახდა მოხდება ეტაპობრივად, რაც სალიზინგო კომპანიებს ლიზინგის საგანს გაუიაფებს.“

კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, საწარმოსათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, ის იანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებით, აღნიშნული გაანგარიშების წესი იცვლება. კერძოდ, საწარმოსა თუ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი იქნება ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არაუმეტეს 0,6 პროცენტი. ამ ოდენობის გადასახადი ექნება საწარმოს ლიზინგის  მთელი პერიოდის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი