ეკონომიკა

საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ექსპორტის სააგენტოს “ შესახებ

19 ოქტომბერი, 2011 • 1101
საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ექსპორტის სააგენტოს “ შესახებ

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი „ქართული ექსპორტის სააგენტოს “ შესახებ 2011 წლის 10 ოქტომბერს შევიდა. კანონპროექტის ავტორი პარლამენტარი ემზარ გელაშვილია.

კანონპროექტის თანახმად,  „ქართული ექსპორტის სააგენტო“  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად  ჩამოყალიბდება. სააგენტოს საქმიანობის კონტროლს საქართველოს მთავრობა განახორციელებს. სააგენტო მოახდენს საექსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული   საკითხების დაგეგმარებას, ჩამოყალიბებას და რეორგანიზაციასა და მონიტორინგს.

კანონპროექტის თანახმად, „ქართული ექსპორტის სააგენტოს“ საქმიანობის მიზანია:  საექსპორტო პროექტების შექმნა, ევროკავშირის მითხოვნებისა და სტანდარტების თანახმად საექსპორტო დარგში ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების რეორგანიზაციის პროცესების ხელშეწყობა და მათი გენერირება.

 

საექსპორტო სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული შესაბამისობის კუთხით საკონსულტაციო დახმარების გაწევა.

ქართულ პროდუქციაზე საერთაშორისო პატენტების აღების წინადადებების მომზადება; საექსპორტო პროდუქტის  შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება; საექსპორტო პროექტების განმახორციელებელი სუბიექტების ანგარიშების საფუძველზე საექსპორტო პროგრამების დაფინანსების სფეროშიარსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;

ყველა ტიპის საწორმოებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა საექსპორტო საქმიანობის დარგში. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაწყოს თავის მიერ გაწეული საქმიანობის საჯარო განხილვები და უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნება.

პროექტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ყველა რესურსის ეფექტურ კომერციულ გამოყენებას, პროდუქტის შექმნას, მის ექსპორტს და უშუალო რეალიზაციას საზღვარგარეთ შუამდგომლების გარეშე.

კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გამოიწვევს ხარჯებს  დაკავშირებულს „ქართული ექსპორტის სააგენტოს“ არსებობასთან და საქმიანობასთან. კერძოდ, მიმდინარე წელს სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 300 000 ლარი, ხოლო მომდევნო წელს – დაახლოებით 3 200 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი