ეკონომიკა

ცვლილებები ივანიშვილის ბანკის მენეჯმენტში

17 ოქტომბერი, 2011 • 1248
ცვლილებები ივანიშვილის ბანკის მენეჯმენტში

დღეს “ქართუ ბანკის” პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილი  დაინიშნა, რის შემდეგაც მან “ეროვნული ფორუმის” რიგები დატოვა.

“ქართუ ბანკის” 100%–ანი წილის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელია ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი.

სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი– ქართუ’’ 1996 წელს დაფუძნდა. ერთი წლის შემდეგ მან საბანკო  ლიცენზია მიიღო. 1998 წელს სააქციო საზოგადოება კომერციულ ბანკს სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ დაერქვა. 1998 წელს ბანკმა მიიღო ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება და ამ დროიდანვე  ბანკი  ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.

2011 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ბანკის მთლიანი აქტივები 188 476 201 ლარია.  უცხოურ ვალუტაში აქტივების მოცულობა 331 677 951 დოლარია. ჯამში, ბანკის აქტივები სულ 520 154 452 ათასი ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივებისა და პასივების მოცულობით, “ქართუ ბანკი” საქართველოში მოქმედ 21 ბანკს შორის მე–8 პოზიციაზეა.

“ქართუ ბანკის” უმაღლესი რგოლის მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები გასულ კვირას განხორციელდა. 12 ოქტომბერს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ლევან ჩრდილელი საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილა:

“თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. იგი ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი”, – განაცხადა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ, 12 ოქტომბრიდან, ჩრდილელი “ქართუ ბანკის” ოფისში აღარ მისულა და დაკავებული თანამდებობაც დატოვა. თანამდებობები, ასევე, დატოვეს “ქართუ ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრებმა – გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩრდილელის თანამდებობა დღეიდან ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ამის თაობაზე მან მედიას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ჯავახიშვილი საბანკო სექტორში წლების მანძილზე მუშაობდა, 1993–98 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკს ედგა სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი