ეკონომიკა

ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრა საქართველოში ჩატარდება

13 ოქტომბერი, 2011 • 1133
ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრა საქართველოში ჩატარდება

კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ გიონგჯუში  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-19 გენერალური ასამბლეა დღეს დასრულდა. ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი ესწრებოდნენ.

მტო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დელეგატების წინაშე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად  2012-2013 წლების პროექტებიც განიხილეს, რომელშიც საქართველო აქტიურად იქნება ჩართული.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში  9  ოქტომბერს გაიმართა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რიგით 53-ე რეგიონული კომისია, სადაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის წევრმა ყველა სახელმწიფომ საფრანგეთთან ერთად ერთხმად აირჩია საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ. ტურიზმის სფეროში ევროპის რეგიონის მასშტაბით საქართველო ხდება ლიდერი სახელმწიფო ერთიანი  პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თვალსაზრისით. საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საერთოევროპული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამავე სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2012 წლის გაზაფხულზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი